გულიკო ზუმბაძე საქართველოს სახალხო დამცველის მიწვევით სპეციალური ანგარიშის წარდგენას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 11:53 | 27.10.2015
ნანახია: 1604

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე საქართველოს სახალხო დამცველის მიწვევით სპეციალური ანგარიშის წარდგენას დაესწრო, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფისა და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ მონიტორინგი კონფენსიების შვიდ დაწესებულებაში განხორციელდა.

შედეგად გამოიკვეთა, რომ ზემოთაღნიშნულ დაწესებულებებში ბავშვებზე ზრუნვის ხარისხი განსხვავებულია და ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სისტემით არ არის დარეგულირებული. ამასთან, პანსიონების ბენეფიციარები არ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და სოციალური სამსახური ზრუნვის პროცესში ჩართული არ არის.
ეს ართულებს ბავშვის ისეთი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას, როგორიც არის ჯანმრთელობის დაცვის უფლება, განათლების უფლება, ძალადობისგან დაცვა და ა. შ. ის ფაქტი, რომ ამ პანსიონების ბენეფიციარებზე არ ხორციელდება სახელმწიფო ზრუნვა, პრობლემებს ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისაც.
სახელწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია მათთვის სტატუსის განსაზღვრა და შესაბამისი სამედიცინო სერვისის განხორციელება. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობის გარეშე პრობლემურია არასრულწლოვნების პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგების საკითხი და მათი საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრა.
პრეზენტაციას უძღვებოდა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი კარლო ნატალე, გაეროს ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში პიერ ფერი, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ.
„არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს კვლევა იმ მიზეზების შესასწავლად, რაც   ბავშვების პანსიონატებში განთავსების საფუძველი ხდება. ეს ოჯახურ გარემოში ბავშვთა აღზრდის პირობების შექმნისთვის არის აუცილებელი.

ბავშვთა პანსიონატებში უნდა შევიდეს ისეთი პროგრამები, რომლის საშუალებითაც ბენეფიციარებს რაც შეიძლება მეტი შეხება ექნებათ გარემომცველ სამყაროსთან, შეეძლებათ მეტი კომუნიკაცია და შემეცნების მეტი საშუალება მიეცემათ“,-განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
მანვე სახალხო დამცველს მიმართა ინიციატივით, რომ რეკომენდაციებში თვითმმართველობებში ბავშვთა უფლებების დაცვის ადმინისტრაციული რგოლის შექმნა გაითვალისწინოს.
„ეს დღეს მნიშვნელოვანი ხარვეზია და ის უნდა გამოსწორდეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე