თბილისის მერიის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა ანაზღაურებადი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარეს

საქართველო, თბილისი - 15:20 | 26.10.2015
ნანახია: 1743

თბილისის მერიის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ათმა პირმა ანაზღაურებადი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარა. კურსის მონაწილეებს დღეს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი შეხვდა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა. ნინა ხატისკაცის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა თბილისის მერიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.

"სტაჟირების მიმდინარეობისას ამ ადამიანების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. ისინი პრაქტიკულად მზად არიან რომ ბაზარზე იყვნენ დასაქმებული. დედაქალაქის მერია ცდილობს ამ ტიპის პროექტებით ხელი შეუწყოს დასაქმებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციასა და სამუშაო ბაზარზე გამოჩენას",-განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

სასწავლო კურსი თბილისის მერიასა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დავითიანნს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. სამი თვის განმავლობაში დედაქალაქის მერიის მიერ შერჩეულმა ბენეფიციარებმა "დავითიანნის" სოციალურ საწარმო "სათამაშოების სახლში" ხეზე კვეთა და მხატვრული დამუშავება შეისწავლეს. "დავითიანნის" პრეზიდენტის, კონსტანტინე სვანაძის განცხადებით, კურსის მონაწილეთაგან ხუთი პირი სოციალურ საწარმოში დასაქმდება.

თბილისის მერიამ 10 ბენეფიციარი დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით ჩატარებული ტრენინგკურსის მონაწილეებიდან შეარჩია. აღნიშნული ტრენინგკურსი მერიის ორგანიზებით ივნისსა და ივლისში 100-მდე შშმ პირმა გაიარა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე