თიბისი ბანკმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს შეხვედრას უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 14:17 | 26.10.2015
ნანახია: 2133

თიბისი ბანკში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) და მისი წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბადრი ჯაფარიძეც დაესწრო.

შეხვედრაზე მხარეებმა  ბიზნესში არსებულ გამოწვევებსა და  მისი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. კომპანიების წარმომადგენლებმა მინისტრს საკუთარი ხედვებიც გააცნეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2015 წლის 24 ნოემბერს ჰააგაში დაგეგმილი საქართველო-ნიდერლანდების ბიზნესფორუმის მზადების პროცესი იყო, ასევე განიხილეს 2016 წელს გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ღონისძიებებიც.

„ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები ძალიან  მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიზნესმა იცოდეს, რა გეგმები აქვს ეკონომიკის სამინისტროს, რა რეფორმების განხორციელებაა დაგეგმილი და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ის იმისთვის, რომ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რა პრობლემებს აწყდება ბიზნესი, თუ, რათქმაუნდა, არსებობს ასეთი პრობლემა და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. მთავრობისა და ბიზნესის ასეთი კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია, მითუმეტეს ისეთ რთულ გარემოში, როგორშიც საქართველოა,“ - აცხადებს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბადრი ჯაფარიძე.

„კერძო სექტორთან გახსნილი ურთიერთობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია -  დისკუსიების დროს შესაძლებელია ბევრი საჭირბოროტო საკითხის განხილვაც და გადაწყვეტაც. ჩემი სურვილი იყო, რომ ასოციაციის წევრებისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, ასევე ბოლო სამი წლის მიღწევებზე. მეორე მხრივ, მოვისმინე კომპანიების წარმომადგენელთა ხედვები და მოსაზრებები, რაც ასევე აუცილებელია მომავალში კოორდინირებული მუშაობისათვის“ -  აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი.

შეხვედრას EUGBC-ის 30 წევრი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე