ირაკლი კობახიძე ნატოს სამეკავშირე ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:28 | 19.01.2017
ნანახია: 1125

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს და ხელმძღვანელის მოადგილეს, ანდრეი კლიმჩიკს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უილიამ ლაჰიუს ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ნატო საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ნებას და მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის მიერ საშემოდგომო სესიაზე მიღებული რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ, სადაც ცალსახად დაფიქსირდა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.

ირაკლი კობახიძემ უილიამ ლაჰიუს და ანდრეი კლიმჩიკს საპარლამენტო საქმიანობა გააცნო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრისას განაცხადა, კომისიის მუშაობის პროცესი ინკლუზიური იქნება და ყველა გადაწყვეტილება ფართო კონსესუსის შედეგად იქნება მიღებული.

შეხვედრაზე ისაუბრეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შესახებაც, რომელიც 2017 წლის მაისში, საქართველოში გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასამბლეის მასპინძლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ალიანსსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ნატოს სამეკავშირე ოფისი და საქართველოს პარლამენტი ღონისძიების ორგანიზების საკითხში, აქტიურად თანამშრომლობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე