გერმანიაში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:18 | 19.01.2017
ნანახია: 1509

გერმანიაში, ჯგუფური ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაცია ქალაქ დრეზდენსა და მის შემოგარენში დილით, 06:00 საათზე დაიწყო. სპეცოპერაციაში 600-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.

სპეცოპერაციის დროს 35 საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, რის შედეგადაც, 26-დან 38 წლამდე ასაკის ქართველი მამაკაცები დააკავეს.

საქართველოს მოქალაქეების დაკავების თაობაზე გერმანიაში საქართველოს საელჩოში ინფორმაცია უკვე შესულია.

„საპოლიციო ოპერაცია განხორციელდა საქსონიის მიწაზე. საქართველოს საელჩომ მიიღო ოფიციალური არხებით შეტყობინება 10 ქართველის დაკავების შესახებ, რომლებიც ქურდობაში და ამ სახის დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი. სასამართლო პროცესი ყველა შემთხვევაში გერმანიაში იქნება. იმის მიხედვით, ისინი სასჯელს მოიხდიან თუ მათი გაძევება მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, გერმანიის პროკურატურას რა პოზიცია ექნება“,- განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ საქართველოს კონსულმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კახაბერ შიშნიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე