გიორგი ალიბეგაშვილი: მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა

საქართველო, თბილისი - 11:16 | 19.01.2017
ნანახია: 1099

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, მიზანშეწონილად არ მიიჩნევა რიგგარეშე სხდომის მოწვევა. მისივე თქმით, მე-5 მოწვევის საკრებულოში ნებისმიერი საჯარო მოხელის უფლება დაცულია.

,,საკრებულო არის კოლეგიალური ორგანო და, შესაბამისად, ჩვენ, როგორც ფრაქციის, ასევე უმრავლესობის ფორმატით იურიდიულ კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გავმართეთ. ასევე დეტალურად გავეცანით ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ ყველა მასალას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მე-5 მოწვევის საკრებულოში ნებისმიერი საჯარო მოხელის უფლება დაცულია და მათ საქმიანობისთვის თანაბარი გარემო აქვთ შექმნილი.
ფაქტია ისიც, რომ იმ ხუთი თანამშრომლიდან არც ერთი მათგანი არ გათავისუფლებულა, არ დარღვეულა მათი შრომითი უფლებები და ისინი თბილისის საკრებულოში საქმიანობას დღესაც განაგრძობენ. დამატებით შევნიშნავთ, რომ ორწლინახევრის განმავლობაში საკრებულოში არაერთი კონკურსი და ატესტაცია ჩატარდა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები საკრებულოში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები იყვნენ. შედეგებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ დასმულა. 
მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ვიყავი და ვარ უწყებაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლის უფლებების დაცვის გარანტი. 
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია რიგგარეშე სხდომის მოწვევა. აქვე მინდა მოვუწოდო ოპოზიციონერ კოლეგებს, ნუ მოახდენენ მსგავსი ტიპის საკითხების პოლიტიზირებას”, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
თბილისის საკრებულოს ოპიზიციურმა ფრაქციებმა საკრებულოს თავმჯდომარეს, რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით 27 დეკემბერს მიმართეს. ოპოზიციონერი დეპუტატები თედო კობახიძისთვის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე