ნინო რამიშვილის დაბადებიდან 107 წელი შესრულდა

საქართველო, თბილისი - 10:34 | 19.01.2017
ნანახია: 1572

ქორეოგრაფ ნინო რამიშვილის დაბადებიდან 19 იანვარს 107 წელი შესრულდა. ცნობილი ქორეოგრაფი, ნინო რამიშვილი 1910 წლის 19 იანვარს ბაქოში დაიბადა. მან მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლის წამყვანი მოცეკვავე 1972 წლამდე თავად იყო. ნინო რამიშვილმა ანსამბლთან ერთად თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა.

ნინო რამიშვილის ხელოვნებისთვის დამახასიათებელია ქალური მომხიბვლელობა. იგი ქალთა შორის, ქართული ცეკვის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. მის მიერ შესრულებული ცეკვებია: "ჯეირანი", "მუხამბაზი", "მთიულური", "სამაია" და მრავალი სხვა.

ცნობილ ქორეოგრაფს მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება; დაჯილდოებულია რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენით; ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მეოთხე ფესტივალზე მიღებული აქვს ოქროს მედალი და მსოფლიო ლაურეატის წოდება. საკონცერტო მოღვაწეობისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ასევე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ნინო რამიშვილი 2000 წლის სექტემბერში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე