თამარ ივერი: მარტო სცენაზე დგომა და სიმღერა არ არის ჭეშმარიტი ეროვნული მოვალეობა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 17.01.2017
ნანახია: 8821

ოპერის სამყარო იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, ნებისმიერს გაუჭირდებოდა ამ სამყაროში შეღწევა და თავის დამკვიდრება, ბევრმა ქართველმა თავისი ნიჭიერებითა და განსაკუთრებულობით ეს მოახერხა და ამ სამყაროში ღირსეულად დაიკავა თავისი ადგილი. დღეს მათ მსოფლიო აპლოდისმენტებით ხვდება, ჩვენ კი ვამაყობთ მათი შესაძლებლობებით, მიღწევებით!
დღეს, ჩვენი ჟურნალის სტუმარია სოპრანო თამარ ივერი, უნიჭიერესი ქალბატონი, რომელიც გამოირჩევა თავისი სცენურობით, ხმის ტემბრით, დრამატულობითა და შესრულების მანერით. საოპერო ხელოვნება იმდენად ღრმა და შინაარსიანია, როგორც თამარის დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი, შესაბამისად, მისი ყოველი გამოსვლა დიდ სცენაზე წარმატებულია!
გარდა ამისა, ის ღირსეული ქართველია! აცნობიერებს თავის ეროვნულ მისიასა და პრინციპებს. არასოდეს გაურბის საუბარს იმ საკითხებზე რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, აქტუალურად განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს, აკრიტიკებს უსამართლობას და გმობს ყველა არაადამიანურ ფაქტს, რომელიც ვლინდება ჩვენს საზოგადოებაში.
ხშირად კრიტიკის ობიექტიც გამხდარა, მასზე ბევრს წერენ, სიძულვილის ენით საუბარსა და ჰომოფობიურ გამონათქვამებშიც სდებდნენ ბრალს, იყო დაპირისპირებები, მაგრამ როგორც თამარმა აღნიშნა, ეს ყველაფერი იმდენად უმნიშვნელოა, რომ განხილვადაც არ ღირს.

ბავშვობა და “პირველი ბიზნესი”

-ბავშვობა განსაკუთრებული პერიოდია, რადგან ჩემს ცხოვრებაში დატოვა ოჯახური იდილიის, სიყვარულის, სიკეთის წარუშლელი კვალი. ბავშვობა ჩემთვის არის მამაჩემის თვალები, ძლიერი ხელები, კეთილი გული, დედას ღიმილი. მე ამ გარემომ მომცა ყველაზე მთავარი გრძნობა-ადამიანების სიყვარული და გულწრფელობა, რომლითაც დღემდე ვცხოვრობ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ცელქი ბავშვი ვიყავი, მოუსვენარი, ემოციური. ხეებზე დავძვრებოდი, ქუჩაში დავდიოდი და ვმღეროდი. მადლობა მეზობლებს რომ მიძლებდნენ და მათი ჩემდამი დამოკიდებულება ყოველთვის სიყვარულის ტოლფასი იყო. მანებივრებდნენ და როცა ვმღეროდი მჩუქნიდნენ კანფეტებს, შოკოლადებს და ეს იმდენად მომწონდა, რომ ჩემი ბავშვური ბიზნესის ნაწილად ვაქციე. მერე ჩემი მეგობრებიც ავიყოლიე და ერთად ვმართავდით კონცერტებს. ერთხელ სიმღერის დროს, როცა ემოციებში შევედი და განსაკუთრებით ავუწიე ხმის ტემბრს, დედას ხელი მწარედ მწვდა ყურზე და ჩამესმა მისი ბრაზნარევი ხმა: შე უბნის ჯამბაზო, რა დღეში ხარ, რატომ მარცხვენო. ამ ყველაფერს ახლა ღიმილით, სიყვარულით ვიხსენებ და სიამოვნებას მგვრის.
ოპერის სიყვარული თავიდანვე მქონდა, მამა ავთანდილ ჯავახიშვილი ოპერის მომღერალი იყო და ჩემს ოჯახში იკრიბებოდა მთელი თეატრი, ისმენდნენ საოპერო არიებს, განიხილავდნენ ყველაფერს რაც ოპერასთან კავშირში იყო, მე ეს მომწონდა და მათი საუბრის თანამონაწილე ვიყავი. რვა წლის ასაკში ყველა მომღერლის ხმის გამოცნობა შემეძლო. მეგობრებთან ერთად ვაწყობდი პატარა სპექტაკლებს, ვაფორმებდით სცენას, მე თვითონ ვქმნიდი სასცენო კოსტიუმებს, ვანათებდით სცენას და წარმოვიდგენდი როგორ მოსწონდა ჩემი ნამღერი პუბლიკას, შევდიოდი ემოციებში და უფრო მეტი დრამატულობით ვაკეთებდი ამას.

ბავშვობის ოცნებები და იმედგაცრუება

-რატომღაც ჰგონიათ რომ ჩემი, ისევე როგორც ყველა წარმატებული ადამიანის ცხოვრების გზა ფიანდაზებით იყო მოფენილი. ეს ასე არ არის, ჯერ კიდევ ბავშვობაში ბევრჯერ განვიცადე იმედგაცრუება, რაც ჩემთვის მტკივნეული იყო, თუმცაღა დღეს ამ ყველაფერზე მეღიმება.
მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი და როცა ვისმენდი, თუ როგორ აღმოაჩინეს რეჟისორებმა სრულიად შემთხვევით  მსახიობები ქუჩაში, ტრამვაიში, სულ ეს განცდა მქონდა ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდებოდა. როცა ვინმეს დაჟინებულ მზერას ვიგრძნობდი, ამას ჩემი ოცნების ასრულებას ვუკავშირებდი. ერთხელაც, სკოლაში კონკიას დგავდნენ და ძალიან მინდოდა მეთამაშა კონკიას როლი, გამოცხადდა კასტინგი და მივედი, კარგად ვითამაშე, ბოლოს დაგვიბარეს და მითხრეს რომ მსახიობური ხარ, მეტყველი თვალები გაქვს, მაგრამ ჩვენ ვეძებთ ქერა, ცისფერთვალება, ნაზ გოგონასო. მე ვუთხარი, თავიდანვე რატომ არ მითხარით როცა კასტინგზე მოვედი თქო, თქვენ დედინაცვლის როლზე მოგიაზრებთ, რადგან უფრო მკაცრი გამომეტყველება გაქვთ, ძლიერი ხასიათი დავინახეთ თქვენშიო. ეს ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო! ახლა ძალიან მეცინება ამაზე. სიმღერის კონკურსზეც მივიღე მონაწილეობა და გამომიცხადეს საოპერო ხმა გაქვს და ვერ გადაგიყვანთ შემდეგ ტურშიო. ესეც განვიცადე. მოდელების სახლში გამოცხადდა კონკურსი და მითხრეს კარგი გოგო ხარ, სიარულის კარგი მანერა გაქვს, მეტყველი სახე, თვალები, გრაცია, მაგრამ პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებო. მახსოვს, ჟიურის წევრს ვუთხარი, თუ სიმაღლე არ მიწყობს ხელს, დაიმახსოვრეთ, მე ფოტომოდელი მაინც გავხდები მეთქი. ყველა დარტყმას ვიღებდი, მაგრამ უპასუხოდ არ ვტოვებდი. დამარცხებას არასოდეს ვეგუებოდი.

რთული გზა კონსერვატორიიდან ევროპისკენ…

-ეს მართლაც რომ ძალიან რთული გზა იყო, ჯერ კიდევ კონსერვატორიაში ჩაბერის პერიოდში საკუთარ თავთან და სტრესთან ბრძოლა მომიწია, რადგან მამა გარდამეცვალა აპრილში და სამ თვეში გამოცდები იწყებოდა. მამას სახით მე საყრდენი გამომეცალა, დავკარგე მრჩეველი, მასწავლებელი, მეგობარი და მქონდა ძალიან დიდი ემოციური სტრესი. დედას და მამას მეგობრების, კოლეგების ძალისხმევით მაინც მოვხვდი კონსერვატორიაში. მე ბოლო რიგებში ვიყავი, ჩემზე წინ ბევრი მომღერალი იყო, მაგრამ მივხვდი, რომ სტრესი მართმევდა ჩემთვის ყველაზე ძვირფასს და ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა! ეს მამასაც არ მოეწონებოდა. დავიწყე მუშაობა და უკვე მესამე კურსზე ვიყავი ლიდერი, მივაღწიე წარმატებებს, რაც შემდეგ დამეხმარა კარიერის წარმატებით გაგრძელებაში, გავიმარჯვე ორ კონკურსში და გადავწყვიტე წავსულიყავი ევროპაში, რადგან მქონდა ამბიცია ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ დღეს. როცა ჩავედი მითხრეს რომ გამიჭირდებოდა თავის დამკვიდრება. ქართველი შემსრულებლები რომლებიც ჩამოდიოდნენ, ორ-სამ წელში უკანვე ბრუნდებოდნენ, რადგან დიდი კონკურენცია იყო. დავფიქრდი ამ ყველაფერზე, გავაცნობიერე, რომ პროფესილი კუთხით, ჩემი მთავარი მიღწევა იყო ორ კონკურსში მოპოვებული წარმატება და ის რომ ბათუმის საოპერო სცენაზე ვმღეროდი, არაფერს ნიშნავდა მათთვის. მიუხედავად ამისა, მე მჯეროდა საკუთარი თავის და აქაც დამეხმარა ჩემი ძლიერი ხასიათი. დავიწყე ბრძოლა, მისმენდნენ, მოვწონდი მაგრამ ნდობის ფაქტორი დიდ როლს თამაშობდა. ეჭვის თვალით მიყურებდნენ, შეძლებს რომ მთელი ოპერა ბოლომდე იმღეროს? ოთხ მოქმედებას შეასრულებს?
დროთა განმავლობაში, მე მოვიპოვე მათი ნდობა და შევძელი ჩემი ცხოვრების მთავარ მიღწევად მეღიარებინა შესაძლებლობა-მემღერა სრულიად ევროპისთვის, სამყაროსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის. ეს ჩემი მთავარი გამარჯვებაა პროფესიაში. ამჟამად, ვთანამშრომლობ წამყვან საოპერო თეატრებთან, მაქვს მნიშვნელოვანი როლები და ზუსტად ვიცი, წინ კიდევ უფრო საინტერესო პერიოდი მაქვს.

ორმოციდან საუკეთესო!

-ბონში, ელიზაბეტას როლზე გამოცხადებული იყო კასტინგი. ორმოცი სოპრანო უნდა მოესმინათ, ყოველდღე უსმენდნენ, მე მესამე დღეს გავედი და ერთხელ რომ ვიმღერე, დირიჟორმა მითხრა: შეგიძლია დაისვენო და კიდევ იმღეროო? მე მივხვდი რომ მოვეწონე, რადგან ვინც კი ამღერეს პირველივე ცდაზე გაუშვეს. ამარჩიეს და გამომიგზავნეს კონტრაქტი. ამ წარმატებით დაიწყო ჩემი შემდეგი შემოქმედებითი კარიერა.

პროფესიაში ნაპოვნი სიყვარული

-ჩემი სიყვარული, რაული ვიპოვე იქ, სადაც არის ჩემი შთაგონება, რომ არა ჩემი პროფესია არ ვიცი შევხვდებოდი თუ არა მას. მან შეძლო, რომ მე გავაცნობიერე, თუ რაოდენ ძლიერი ხარ პროფესიაში, როცა გიყვარს. ოჯახის, სიყვარულის სინათლე შენი თვალების ნაწილი ხდება როცა დგახარ სცენაზე! ეს განცდა და იმის წარმოდგენა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს რაული, კიდევ უფრო მაიძულებს ვიყო ძალიან ღრმა განცდებში სცენაზე. უფრო მეტს ვთხოვ ჩემს თავს.
მადლობა მას რომ მიძლებს, ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ სიმართლეა. არ ვარ მარტივი ადამიანი, ჩვენ ერთმანეთს ბევრ რამეს ვუთმობთ და ვინარჩუნებთ სრულ იდილიას ურთიერთობებში. გვყავს შვილები, ჩემი ცხოვრების აზრი.
მადლობა რაულს რომ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი გრძნობა მაჩუქა და მილამაზებს ცხოვრებას!

რომ არა მუსიკოსი…

-რომ არა მუსიკოსი, ვიქნებოდი მსახიობი, თუმცაღა სცენაზე ნაწილობრივ მიწევს მსახიობობა, რადგან ვთვლი რომ საოპერო მომღერალს ესეც უნდა შეეძლოს. მთელი დრამატულობით უნდა წარმოაჩინოს სპექტაკლი და ბოლომდე თქვას სათქმელი. მიყვარს ისეთი სპექტაკლები, სადაც ძლიერი ქალი დომინირებს, “ბოჰემა”, “ტრავიატა”, “აიდა” და ა.შ
ვაცნობიერებ, რომ რთულია ითამაშო ასეთი როლები, რადგან მეტ დრამატულობას მოითხოვს და შესაბამისად, ხმას ავნებ, იძაბები, მაგრამ ეს ჩემი სტილია.
ხმას სჭირდება შენარჩუნება, არასწორი მუშაობა და დატვირთვა ცუდ შედეგს გვაძლევს. ხომ გსმენიათ გამონათქვამი: “ვინც თავს უფრთხილდება, მას ღმერთიც უფრთხილდება”. უხეშად რომ ვთქვა, მომღერალს თუ საჭე გაექცა და ხმა გაეხეხა, რთულია მისი დამუშავება. ეს მანამ უნდა გააკეთო სანამ საფრთხის წინაშე აღმოჩნდები, რისკი კარგია, მაგრამ აქ არა. ინტონაციას გამოასწორებ, ბგერის განათებაზე იმუშავებ, მაგრამ ტემბრი თუ გაფუჭდა იმას ვეღარ უშველი. ხმა არის ჩვენი ძვირფასი ინსტრუმენტი და მთავარია როგორ მოვუვლით მას, როგორ დავუკრავთ… “გქონდეს კარგი ხმა, ეს ნიშნავს სახლში გედგას სტენვეი სონსის როიალი”, აი, თუ ამ როიალზე დაკვრაც იცი, ეს უკვე მიღწევაა..

იმედგაცრუებები წარმატებების კვალდაკვალ…

– ვყოფილვარ იმედგაცრუებული ჩემი შესრულებით…
მახსოვს ავსტრიაში, დედა ქუჩაში ჩაიკეცა, ცუდად გახდა და საავადმყოფოში მისი სიკვდილ სიცოცხლის საქმე წყდებოდა, ამ დროს მე სცენაზე ვიყავი და ვმღეროდი, არ ვიცოდი დედა გამოვიდა თუ არა ნარკოზიდან, კონცერტის პარალელურად, ყოველ წუთს ვრეკავდი საავადმყოფოში. ვთვლი, ეს სპექტაკლი იყო ჩემი სირცხვილი, რადგან სიტყვები მავიწყდებოდა, მოძრაობებს ვურევდი, მუსიკალურად დირიჟორის ხელს ვერ მივყვებოდი… თუმცა ამ ყოველივეს ჰქონდა გამართლება…
საკუთარ ნამღერს ყოველთვის ვუსმენ, ვცდილობ ვიპოვო შეცდომები, როცა საკუთარ თავს ვაკონტროლებთ, ვაღიარებთ დაშვებულ შეცდომებს, უფრო ვიზრდებით, თვითკრიტიკა კარგია.
“ღმერთო ნუ დამაფასებ ჩემი მიღწევების მიხედვით, დამაფასე იმის მიხედვით, რამდენჯერ დავეცი და წამოდგომა შევძელი” ეს დალაილამას სიტყვებია და ჩემს დამოკიდებულებას ზუსტად განსაზღვრავს.

პოპულარობა …

-რთულია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო. როცა გცნობენ, უყვარხარ ეს სასიამოვნო განცდაა და არაფრით არ შეიძლება იყოს ცუდი, მაგრამ პოპულარობასაც აქვს ჩრდილოვანი მხარეები, გიწევს საკუთარი ემოციების, სიტყვების, დამოკიდებულების მართვა. ზოგჯერ იმის ატანაც, რაც არ უნდა აიტანო…

პოლიტიკა და ხელოვნება

-ვიცი, რატომ მისვამთ ამ კითხვას, რადგან დღეს ყველა პოლიტიკაში მიდის თითქმის ყველა სფეროდან და შესაბამისად, ვიღებთ დიდ ქაოსს, რომელშიც ცხოვრება უკვე აუტანელია. ვთვლი, რომ ყველა თავის პროფესიაში უნდა იყოს ძლიერი და პროფესიონალი. პოლიტიკა სულ სხვაა, სხვა ხედვა და მიდგომებია საჭირო, სხვა უნარ-ჩვევები, მაგრამ თუ პოლიტიკაში მიდის ღირსეული ადამიანი, რომელსაც ბევრი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და ასეთივე შემართებით უნდა გააგრძელოს პოლიტიკაში მოღვაწეობა, ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ხშირად, ხელოვან ხალხს შესანიშნავი განათლება და ინტელექტი აქვთ, რამდენიმე ენა იციან, მსოფლიოს მაღალ წრეებში აქვთ კონტაქტები და მათ გაპოლიტიკოსებაზე ხალხი უარყოფითად არის განწყობილი და ვიღაცას, ორი წიგნი რომ არ წაუკითხავს, ორ სიტყვას ვერ აბავს ერთმანეთს და დროშის ტარის ხელში ჭერის გამო პოლიტიკოსობას იწყებს, მისდამი ყველა ლოიალურია…

ქართული ტელესივრცე, მუსიკალური კონკურსების შეფასება

-ქართულ ტელესივრცეში რაც ხდება, ეს ყველამ ვიცით და ამაზე აღარ ვისაუბრებ. უბრალოდ ვისურვებდი, რომ უფრო მეტი შემეცნებითი გადაცემები იყოს. ისეთ გადაცემებს ნუ გავაკეთებთ რომელიც ისედაც სტრესში მყოფ საზოგადოებას, კიდევ უფრო დააბრკოლებს და გააღიზიანებს! ტელევიზია საზოგადოების მართვის ერთერთი მთავარი შესაძლებლობაა და ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენონ. უფრო მეტი სინათლე… უფრო მეტი პოზიტივი!
რაც შეეხება მუსიკალურ კონკურსებს და თქვენს კითხვას არის თუ არა ჩემი ადგილი ამ შოუების ჟიურიში: გიპასუხებთ რომ საესტრადო სიმღერის კონკურსის ჟიურიში, ვფიქრობ, ნაკლებად არის ჩემი ადგილი… რადგან ასეთ კონკურსებში სჭირდებათ მენტორი, რომელიც უშუალოდ ესტრადის მომღერალი უნდა იყოს…
რაც შეეხება კონკურსანტების შეფასებებს: როცა ვინმეს ნამღერს უწუნებ, დაწვრილებით უნდა აუხსნა, აქ ინტონაციის პრობლემა იყო, ფრაზირების, თუ სხვა… თუ ზუსტად არ შევაფასებთ, მომღერალი ასე ვერ გაიზრდება. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილეა საჭირო, როცა ბავშვი დაგას სცენაზე.
ასევე, სამწუხაროა ის ფაქტიც რომ, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა კონკურსების შემდეგ ვეღარ ვითარდება. აღმოჩენა აღმოჩენად რჩება, ისევ ძველ სახეებს ვხედავთ სცენაზე. ერთი და იგივე… თან ვოკალურად გამართული ხმა მხოლოდ რამდენიმეს აქვს. ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ნატო მეტონიძე და კიდევ რამდენიმე ნამდვილად ნიჭიერია! აი ბევრი სხვანაირად ცდილობს ყურადღების მიქცევას! ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ საქართველოში არ არის შოუბიზნესი, არ არიან აგენტები, არ ხდება ხელშეწყობა… ამ პროცესს დიდი ყურადღება სჭირდება!
ასევე, დამღუპველად მიმაჩნია ტენდენცია- თუ ინგლისურად ვერ მღერი, არ გაქვს პერსპექტივა…მე გოგი დოლიძისგან, ნანი ბრეგვაძისგან ინგლისური სიმღერა არ მომისმენია, არც თუმარ წიკლაურისგან, მაგრამ ამ ადამიანებს ვაღმერთებდით. რატომ აიძულებ ახალგაზრდა მომღერალს, რომ იმღეროს ინგლისურად…
ეს საქართველოა და ღირებულია ქართული სიმღერა, დასაფასებელია უცხოურიც. ვიღაცა მღერის ჯაზსს და ვერ აიძულებ იმღეროს რეპი.

სოციალური ქსელი

-რატომღაც ამ ბოლო დროს, ხშირად მიწევს საუბარი იმ ცუდ ფაქტებსა თუ მოვლენებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამის ნათელი მაგალითია, ჩემს ფეისბუქის გვერდზე გაკეთებული სტატუსები და კომენტარები. ამას არ ვაკეთებ სპეციალურად, უბრალოდ თავს ვერ ვიკავებ ამდენი უსასმართლობის შემყურე. რაულს არ მოსწონს ჩემი მხრიდან ასეთი აქტიურობა და მითხრა კიდეც, ნუ დააფიქსირებ შენს აზრს ამ ფორმითო…
უბრალოდ, ეს ჩემი სატკივარია, მარტო სცენაზე დგომა და სიმღერა არ არის ჭეშმარიტი ეროვნული მოვალეობა, მე ეს ყველაფერი მაწუხებს. ვითრგუნები იმის გამო, თუ როგორი სასტიკი დამოკიდებულება აქვთ ცხოველების მიმართ, როგორ ვერ გამოვედით ჩარჩოებიდან და როგორ ვცდილობთ ზურგში დანა ჩავცეთ ერთმანეთს, გზა გადავუკეტოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს. ვართმევთ განვითარების შესაძლებლობას იმის გამო, რომ ვიღაცა ვიღაცის ახლობელია. ამ ყველაფრით დამძიმებული, საკუთარ ემოციებს ამ ფორმით გადმოვცემ. ვერ ვემსგავსები იმათ, მარტო სიმღერას და საკუთარი კარიერის შენებას რომ გადაყვნენ და სხვა არაფერი არ აინტერესებთ. სარგებელის მიღების მიზნით, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან კრიტიკა არ დაიმსახურონ, პირში წყალს იგუბებენ, ვითომ ყველაფერი რიგზეა და ეს მათ არ ეხება! მე მტკივა ჩემი ქვეყანა და ვსაუბრობ ამაზე ყველგან! მე ვუმღერი ჩემს ქვეყანას, ჩემს ფესვებს, მე ვმღერი სამყაროსთვის, მაგრამ ვგრძნობ ქართული ფესვების სიღრმეს, მნიშვნელობას, სიდიადეს, ქართველობას!

და ბოლოს…

– მართალია, ჩემს პროფესიაში მქონდა პაუზა, შვილებს, ოჯახს სჭირდება ყურადღება… მაგრამ სასიამოვნო სიახლეების, საინტერესო სპექტაკლების მოლოდინში ვარ. ძირითადად ევროპაში ვიქნები, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს აქაც მივიღო მონაწილეობა სპექტაკლებში, დიდი სიამოვნებით წავრდგებოდი ქართველი მსმენელის წინაშე! თან მჯერა, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საიმედო ხელშია. მას პროფესიონალი მართავს და ზუსტად იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც ქართული თეატრისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. ვუსურვებ წარმატებებს!

თინა ღლონტი, პრაიმნიუსჯორჯია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე