არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოს ან დაჩაგროს ჩვენი მოსახლეობა - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 17:04 | 06.01.2017
ნანახია: 2794

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განმარტებით, ბუნებრივ აირზე გადასახადის გაზრდა გაზის მოხმარების გაზრდამ გამოიწვია. დეკემბერში გაზრდილ გაზის გადასახადთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიებზე კომპანია „ყაზტრანსგაზისა“ და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ
შესწავლილი იქნა კონკრეტული ქვითრები და დადგინდა, რომ არანაირი პრობლემა არ არის. 
,,არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოს ან დაჩაგროს ჩვენი მოსახლეობა. სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიდის საუბარი, რომ თითქოს არასწორი გადასახადის გადახდა უწევს მოსახლეობას ბუნებრივ აირზე, ეს ასე ნამდვილად არ არის. ვისაც ჰქონდათ პრეტენზიები და წარმოადგინეს ქვითრები, ეს იქნა შემოწმებული „ყაზტრანსგაზის“ მიერ და დადგინდა, რომ არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ, მოხმარებაა გაზრდილი. ამას თავისი ახსნა აქვს. დეკემბერ-ნოემბერში ჰაერის ტემპერატურა მართლა ცივი იყო 2015-2014 წლებთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
მისივე თქმით, თუ ვინმეს ექნება რაიმე პრეტენზია „ყაზტრანსგაზის“ მიმართ, უნდა მიმართოს კომპანიას, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე, ისინი მაქსიმალურად მობილიზებულები და ვალდებულები არიან და მივლენ კონკრეტულ აბონენტთან, ადგილზე შეამოწმებენ მრიცხველს და ქვითარს.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტში გაჟღერებული იყო არასწორი ინფორმაცია, რადგან მოხდა მარტში ბუნებრივი აირის მოხმარების შედარება დეკემბრის თვესთან. 
„მე ვთხოვე, აეხსნა ეს ყველაფერი კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელს და გაირკვა, რომ არასწორი ინფორმაცია იყო გაჟღერებული, რადგან მოხდა მარტის მოხმარების შედარება დეკემბერთან. მარტსა და აპრილში გაზის მოხმარება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზამთარში. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტელევიზია ამ შეცდომას გამოასწორებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე