7 წლის გოგონა, რომელიც მსოფლიომ ”ტვიტერით” გაიცნო, ალეპოდან ევაკუირებულია

საქართველო, თბილისი - 13:29 | 19.12.2016
ნანახია: 1693

7 წლის სირიელი გოგონა, ბანა ალაბედი, რომელიც ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში ვითარებას ”ტვიტერში” აღწერდა, ქალაქიდან ევაკუირებულია. ამის შესახებ Syrian American Medical Society-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

კვირას საღამოს ქალაქიდან 350 ადამიანის გაყვანა მოხერხდა. ევაკუაცია დღესაც გრძელდება.

ბანა ალაბედი ”ტვიტერში” @AlabedBana-ს სახელით ინგლისურად წერს. მას ეხმარება დედა, რომელიც მასწავლებლად მუშაობდა. თავიანთ ჩანაწერებში ისინი ალყაშემორტყმული ქალაქის ცხოვრებაზე წერდნენ.

ბოლო ჩანაწერში, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, გოგონას დედა დახმარებისთვის თურქეთის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს მიმართავს. ”გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა შეთანხმების პირობები დაცული იყოს და გაგვიყვანეთ აქედან. ძალიან დავიღალეთ”, - ნათქვამია ”ტვიტერში” გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ალეპოელი გოგონას ჩანაწერებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 5 დეკემბერს ის სოციალური ქსელიდან მოულოდნელად გაქრა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა უსაფრთხოდ იყო.

ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის ოპერაცია 15 დეკემბერს დაიწყო. ამ მომენტამდე ქალაქის აღმოსაველთ ნაწილი რამდენიმე ათასმა ადამიანმა დატოვა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე