აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 16:49 | 06.12.2016
ნანახია: 2229

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს, ახდენს პრიორიტეტების და რესურსების დაგეგმვის სინქრონიზაციას და მტკიცე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჩარჩო დოკუმენტი „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ მემორანდუმის მხარდამჭერი შეთანხმებაა და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შემდგომ განვითარებას.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა ძირითად მიზნებზე ორიენტირება - საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, საქართველოს თავდაცვის ეფექტური და მდგრადი სისტემების ჩამოყალიბება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, პროფესიონალი და ეფექტური სამხედრო მმართველობის უზრუნველყოფა.

უწყების ინფორმაციით, ჩარჩო დოკუმენტში იდენტიფიცირებული პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები თავდაცვის სფეროში მაღალი დონის ორმხრივი კონსულტაციების ფორმატში ყოველწლიურ გადახედვასა და განახლებას დაექვემდებარება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე