საქართველოს თავდაცვის უწყება აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნებს მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 18:10 | 30.11.2016
ნანახია: 2194

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალი დღეს გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალს ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები; მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე, სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ავიაციის, კიბერუსაფრთხოებისა და ეროვნული გვარდიის რეფორმირების მიმართულებებზე. გენერლებმა, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამების მხარდაჭერის საკითხები.

აშშ-ის და საქართველოს სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები და უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე