გიორგი ჩენდლერი: განათლების სფეროში წარუმატებელი რეფორმა, ქვეყნის მომავლისთვის დამღუპველია

საქართველო, თბილისი - 15:07 | 30.11.2016
ნანახია: 7226

„პრაიმნიუსჯორჯია“ ესაუბრა პედაგოგიკის ინსტიტუტის დირექტორს, განათლების ექსპერტს, გიორგი ჩენდლერს.

- როგორ შეაფასებთ, საქართველში, განათლების  სფეროში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს?

-მოგეხსენებათ, რეფორმების ტალღა წამოვიდა 2004 წლიდან, როცა საკანონმდებლო რეგულაცია მოხდა განათლების სისტემის და უკვე 2005 წელს ჩატარდა პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები. ერთი მხრივ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან აბიტურიენტები მოექცნენ თავისუფალი კონკურენციის ქვეშ და ეს ძალიან კარგია, რადგან მანამდე უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს ატარებდა თვითონ სასწავლებელი მთელი თავისი საბჭოური მაქინაციებით. რეფორმამ, რომელიც გულისხმობს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებას, ამ მხრივ, ნამდვილად გაამართლა, თუმცა, სხვა ხელჩასაჭიდი ფაქტი რომელიც რაიმე დადებითს მათქმევინებს აღნიშნულ რეფორმაზე, არ არსებობს.   შევეცდები მოკლედ ჩამოვთვალო რეფორმის ძირითადი უარყოფითი მხარეები:

პირველი - ჩემი როგორც პედაგოგისა  და განათლების ექსპერტის აზრია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების როლს ასრულებს,  არ უნდა იყოს წარმოდგენილი ტესტირებით.  ამას მოაქვს არასრულფასოვნების განცდა, რადგან ტესტირება არა  საკითხის სიღრმისეულ, არამედ ზედაპირულ ცოდნასთან ასოცირდება.  ჩვენ კი საქმე გვაქვს უმაღლეს სასწავლებელთან, რომელიც ენციკლოპედიური ცოდნით არ უნდა განისაზღვროს.

მეორე -  როდესაც აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს რამოდენიმე სასწავლებელი, სადაც სურვილი აქვს რომ ჩააბაროს, ესეც მიუღებელია. ხშირ შემთხვევაში  აბიტურიენტის არჩეული ფაკულტეტები რადიკალურად განსხვავდება ერთმაენთისაგან, ხომ არ შეიძლება აბიტურიენტმა იფიქროს: “თუ ვერ ჩავაბარებ ფიზიკის ფაკულტეტზე. მაშინ იქნებ თეატრალურზე მაინც მოვხვდე“. ესეც რეფორმის  ერთ-ერთი ანომალია.

მესამე - სკოლა სრულიად გარიყულია აღნიშნული რეფორმიდან, რაც ასევე ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია. ყურადღება არ ექცევა სკოლის ნიშნებს, ყველას ხსნილი აქვს გზა ეროვნული გამოცდებისთვის, განურჩევლად აკადემიური შეფასებისა. ეს განაპირობებს იმას, რომ მოსწავლე და მშობელი დაინტერესებულია  უნივერსიტეტში თუ ჩააბარებს შვილი და არა იმით სკოლას რა აკადემიური შეფასებით ამთავრებს, შესაბამისად მთავარი კადრი სისტემის, ანუ პედაგოგი ჩრდილში დგას.

მეოთხე - ცნობილია, რომ სხვა საგნებთან შედარებით, დიდი უპირატესობით სარგებლობს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარები.  ანუ - აბიტურიენტს ვთხოვთ იმ საგნის ჩაბარებას, რომელიც სკოლაში არ ისწავლება და არც სადმე სხვაგან. საგანი - ზოგადი უანრები არ არსებობს. შესაბამისად მისი შეტანით ეროვნულ გამოცდებზე მშობელს იძულებულს ვხდით შვილს რეპეტიტორი, კერძო მასწავლებელი დაუქირავოს. პრიორიტეტი შეიძლება იყოს მშობლიური ენა, საქართველოს ისტორია, მათემატიკა.... მაგრამ არა ზოგადი უნარები.  ზოგადი უნარები არ ისწავლება სკოლაში, შესაბამისად სახელმწიფო გამოცდებზე აბიტურიენტს დაუდოთ ზოგადი უნარების ტესტები, ეს ქმედება სამართლებრივ ჭრილში რომ განვიხილოთ დანაშაულია. დაახლოებით ჰგავს შემდეგს - მოსწავლეს მოვთხოვო ის საკითხი, მაგალითად ფიზიკიდან, რომელიც ჯერ არ ამიხსნია მისთვის.

- ვიცი რომ იკვლევთ სხვადასხვა ქვეყნებში განთლების სისტემის და ზოგადად ამ კუთხით გატარებული რეფორმების დადებით და უარყოფით  მხარეებს. მაინტერესებს როგორია განათლების დონე საქართველში და რა პოზიცია გვიკავია სხვა ქვეყნებთან მიმართებაში?

მქონდეს ინფორმაცია განათლების სფეროში მინდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ეს ერთგვარი ვალდებულებაც არის ჩემი. საქართველოში რომ განათლების დონე დაბალია, ეს ფაქტია. თუმცა არ მიკვირს იმ ყველაფრის ფონზე, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.  სახელმძღვანელოების დახვეწას კი ცდილობენ, თუმცა არაფერი ეშველა ამ საქმეს, საპილოტე პროგრამა რომ გახორციელდა, თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი საგნები როგორიცაა: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ისწავლებოდა ტრიმესტრულად, როგორც პედაგოგს  მთელ წელზე მიჭირს პროგრამის  გაწერა ფიზიკაში, მაშინ სამინისტრომ „გვიბრძანა“ ტრიმესტრში ჩაეტიეთო.

მოგეხსენებათ ინტერნეტის პრობლემა დღესაც არის რაიონის სკოლებში, მაშინ ქალაქის სკოლებშიც იყო ეს პრობლემა რაიონში წარმოიდგიენთ რა ხდებოდა.  თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლიდი ფიზიკას,  მოსწავლე უმეტესად გაკვეთილს შემდეგი სიტყვებით მაბარებდა “ჩატარებული ცდების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რომ..... ისმის კითხვა: ვის მიერ ჩატარებული ცდების? რა თქმა უნდა, ავტორის.  ანუ სახელმძღვანელოში ეწერა ასე და ბავშვიც იმას ყვებოდა, სამინისტროს მაშინ არც უკითხაავს მე მქონდა თუ არა შესაბამისი ლაბორატორია სკოლაში ამ ცდების ჩასატარებლად. წიგნები იყო და არის ქცეული სავარჯიშო რვეულებად, აბა ამათ სახელმძღვანელო არ ჰქვია. შეგიძლიათ გადახედოთ თუნდაც წინა საუკუნის სასკოლო წიგნებს და მარტივად მიხვდებით რომელია წიგნი.

ასევე, სახელმძღვანელოებში მითითებული იყო ლინკები სხვადასხვა ინტერნეტ საიტიდან, საიდანაც  მოსწავლეებს ინფორმაციის მიღებას სთავაზობდნენ. აბა დაუკვირდით 2007 თუნდაც 2010 წელს რაიონის სკოლებში რომ ამ წიგნს შეიტან, მიდი და მანამდე კითხე მაინც ინტერნეტი თუ აქვთ.

და მოკლედ მინდა ვთქვა, რომ....  ყოველ ერს განსხვავებული მენტალობა აქვს, ყოველ ბავშვს განსხვავებული აღქმისა და შემეცნების სტილი, ამიტომაც არ შეიძლება  ამერიკელი ფსიქოლოგის რჩევებს ვეყრდნობოდეთ როცა ქართველს ბავშვებს  და მათ წვრთნას ეხება საქმე. გამკვირვებია, გეგონება უზნაძე ამოვწურეთ უკვე. მამია ყოლბაიას ნაშრომებს დარწმუენბული ვარ ჩვენი პედაგოგების 99% არ იცნობს და ამ დროს  სხვებს ვეპოტინებით. როგორ ფიქრობთ ვინ უფრო ნათლად აღწერს მდგომარეობას ის ვინც იცნობს გარემოს და ერს, თუ ვინმე გადამთიელი. თან გაითვალისწინეთ, რომ ამერიკელი და ქართველი ბავშვი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან სასკოლო დისციპლინით.

ერთხელ ასეთი სასწაულიც მოხდა, რამოდენიმე წლის წინ პედაგოგები ტრენინგზე ვიყავით, სწორედ ამერიკელი ფსიქოლოგი კითხულობა ლექციას. რომელიც ამბობს ასეთ რამეს. თუ მაგალითად გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლემ ფანჯარაში დაინახა ჩიტი და წამოიძახა - აი ჩიტი! ამ დროს შეწყვიტეთ გაკვეთილის ახსნა, ან გამოკითხვა. საუბარი გადაიტანეთ ჩიტზე, დაუკმაყოფილეთ ინტერესი და შემდეგ გააგრძელეთ გაკვეთილი, რადგან ეს ბავში უკეთ მოგისმენთო. ბოდიშის მოხდით შევაწყვეტინე, და ვეკითები: მე ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგმა გაკვეთილზე 45 წთ-ში  უნდა მოვასწრო გაკვეთილის გამოკითხვა, დავალების შემოწმება, თუ რამე გაუგებარია დავალებაში იმის ახსნა, მერე ახალი მასალის ახსნა, შესაბამისი ამოცანების ამოხსნა, დავალების მიცემა და ათასი სხვა. იქ კიდე ათასი ნიუანსია, რომელიც დროს გართმევს მაგალითად, სიის ამოკითხვა და აშ.  ამ ყველაფრის გათვალისწიენბით, მე კიდევ ჩიტსა  და ყვავზე სასაუბრო დრო არ მაქვს-მეთქი.. გაეცინა, პასუხი კი არ ჰქონდა. აგრძელებს ალოგიკურ საუბარს, ისევ ვაწყვეტინებ, დავინტერესდი ჰქონდა თუ არა სკოლაში მუშაობის გამოცდილება, ანუ ერთი გაკვეთილი მაინც ჩანატარები. პასუხი იყო _ არა. და თუ არა, აბა მე როგორ მასწავლის, როგორ მოვიქცე გაკვეთილზე, რაც თვითონ არ იცის, მე როგორ მასწავლის.

 - დამისახელეთ რამოდენიმე რეფორმა, რომელსაც განახორციელებდით თქვენ რომ საქართევლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყოთ?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა რომ ათასი თავქარიანი გამოჩნდება და თავის ჭკუაზე ალაგებს ყველაფერს, ცვლის და მერე ამას რეფორმას უწოდებს, ამ ფაქტებმა რეფორმის მნიშვნელობა დააკნინა. რა თქმა უნდა, დასაშვებია რომ კონკრეტულ რეფორმას ახლდეს რაღაც უარყოფითი, მაგრამ არა ისე რომ წინასწარ არ შეგეძლოს გათვლა ამის. ექსპერტები, ამ სფეროს მკვლევარები იმიტომ არსებობს რომ მათ აზრი უნდა დაეკითხონ, რომლებიც შეაფასებენ სიტუაციას და წინასწარ გათვლიან მოსალოდნელ უარყოფით შედეგს. ესენი არა, აზრს არასდროს არავინ გვეკითხება, რეფორმამ თუ არ გაამართა, მათ რა ენაღვლება, ბოლოს ჯოხი მაინც მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე ტყდება. სიმართლე გითხრათ მინისტრობაზე არ მიფიქრია. რეფორმებს რაც შეეხება, რამოდენიმე რეფორმას  მართლაც გავატარებდი:

პირველი - სკოლის როლს გავზრდიდი, მეტ სტატუს მივანიჭებდი სკოლის ნიშნებს. მედალოსან მოსწავლეებს აუცილებლად წავახალისებდი, ფორმალურად მედლის გადაცემა საკმარისი არ არის.თუმცა ეს იქნებოდა მკაცრად კონტროლირებადი.

მეორე- გავაუქმებდი მასწავლებელთა სასაერთიფიკაციო გამოცდებს, სანაცვლოდ აღვადგენდი პედაგოგთა დახელოვნების კურსებს. დღეს არსებული  პედაგოგთა გადამზადების პროგრამა იმის მეასედსაც ვერ აკეთებს რასაც პედაგოგთა დახელოვნების კურსებით მიიღწეოდა. მასწავლებელთა გადამზადება უნდა ხდებოდეს მუდმივად, ერთი გამოცდა და სერთიფიკატი არ არის საკმარისი. თან შეფასება მასწავლებლის უნდა მოხდეს არა ტესტირებით, არამედ მისი საქმიანობით, თუ რამდენად წარმატებულია, რამდენად წარმატებულია ასევე  მისი მოსწავლე და ა.შ. ამის კონტროლი ძალიან მარტივია და რაიმე სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

პედაგოგთა კარიერული წინსვლის პრინციპი უნდა შეიცვალოს, გადაიხედოს უდნა ხელფასების საკითხიც. ძალიან დიდ ბარიერებად არის გაწერილი ეს გეგმა და მასწავლებელი სანამ უფროსი ან მენტორი მასწავლების სტატუსს მიიღებს  მანამდე შეიძლება სული დალიოს. პედაგოგს რომელსაც 35-40 წლის სტაჟი აქვს და მას რომ ეუბნები პრაქტიკოსი მასწავლებელი ხარ ამ ეტაპისთვისო ეს არის დიდი უზნეობა.  ხელფასი უნდა გაიცეს სტაჟითა და ხარისხით. სხვა ყველაფერი ჯამბაზობაა.

მესამე- და მთავარი, აუცილებლად  მივაღწევდი იმას რომ, ქვეყანაში ყოფილიყო პედაგოგიური სასწავლებელი. მინდა აქვე აღვნიშნო რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდეს პედაგოგიური სასწავლებელი ეს დანაშაულია. გამოდის რომ ადამიანს რომელიც მასწავლებელი უნდა გამოვიდეს არაფერს განსხვავებულს არ ვასწავლით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე