პირი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ადგილზე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:15 | 23.10.2015
ნანახია: 1844

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი ფ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულმა საგარეჯოში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გასროლა მოახდინა. სამართალდამცველებმა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლას აწარმოებდნენ, გიორგი ფ-ს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და მათ ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა გიორგი ფ. განაიარაღეს და ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 71 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გიორგი ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 მჭიდი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციის მუშაკის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე