ბერლინალეს გამარჯვებული „ცეცხლი წყალთან“ გახდა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 21.02.2016
ნანახია: 1559

ბერლინალეს რიგით 66–ე ფესტივალი, რომლის ჟიურიში მერილ სტრიპი იყო, ახალგაზრდა კინორეჟისორის აზრით საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. გამარჯვებული კი იტალიური ფილმი „ცეცხლი წყალთან“ გახდა, თუმცა ასევე შეიძლებოდა გამარჯვებულის სახით გვეხილა ფილმი „მარტო ბერლინში“ ან კიდეც „სიკვდილი სარაევოში“. წელს, ისევე როგორც შარშან ქართული ფილმები ბერლინში წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა ბერლინალესთან თანამშრომლობის 11 წლისთავზე, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სტენდი მაინც დაეთმო, სადაც მოხდა სახელმწიფო პროექტის „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაცია. ასევე გაიმართა რეზო გიგინეიშვილის ფილმის, ქართულ-რუსული კოპროდუქციის „მძევლების“ ჩვენება. ამ ხნის მანძილზე ბერლინალეზე 15 ქართული ფილმი იქნა წარდგენილი, მათ შორის ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“, ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის „გრძელი, ნათელი დღეები“, თინათინ კაჟრიშვილის „პატარძლები“ და სხვ. პირველი ქართული ფილმი ბერლინალეზე გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ იყო, რომელიც 1986 წელს ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. იგივე ჯილდოს მფლობელი გახდა თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე“ 1993 წელს.

სანდრო სანაიას აზრით, თანამედროვე ქართული კინო სამ ეტაპად იყოფა: საბჭოთა პერიოდი, დრო, როდესაც ცენზურა თავისას შვრებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, გვყავდა ისეთი დიდებული რეჟისორები, როგორებიც არიან: თენგიზ აბულაძე, ფარაჯანოვი და ასე შემდეგ. „ამ დროს ჩვენი კინო, ჩემი აზრით, პიკში იყო. იღებდნენ „მონანიებას“, „შერეკილებს“, „ნატვრის ხეს“, „მიმინო“. სია დაუსრულებლად გრძელდება, ჩვენდა საბედნიეროდ. იუმორი, ისევე, როგორც, ტრაგედია – ორივე ხარისხიანად გადმოიცემოდა ფილმების მეშვეობით და ნებისმიერი სოციალური ფენისთვის (თუმცა მაშინ ყველა ერთ სოციალურ ფენად ითვლებოდა), ნაცნობი და ადვილად გასაგები იყო“, – თქვა სანდრომ.

სანაია ფიქრობს, რომ პოსტ–საბჭოთა პერიოდმა დიდი დაღი დაასვა ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი შემოქმედ ხალხს. მათ სოციალური გაჭირვების ფონზე გადაიღეს დროის ადეკვატური და შესაბამისი ფილმები და ზუსტად აქედან მომდინარეობს პრობლემა, კლიშეები და კომპლექსები, რომლებიდანაც დღემდე ვერ ვთავისუფლდებით. „მეტად გაყიდვადი და აქტუალურია სექსი და ტრაგედია, ეს არ არის სიახლე ხელოვნებაში, ამიტომაც ვიღებთ ტრაგიკულ ფილმებს და ფილმებს, რომლებშიც ვხედავ შიშველ შორენა ბეგაშვილს, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა, რამდენად ნიჭიერი რეჟისორები გვყავს ლევან თუთბერიძის, ზაზა ურუშაძისა და გიორგი ოვაშვილის სახით“, – აღნიშნა სანდრომ. ლევან თუთბერიძის ახალი ფილმი „მოირა“, ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“, ურუშაძის „მანდარინები“ – ეს ფილმები, ახალგაზრდა კინომცოდნის თქმით რამდენიმე წელიწადში ქართულ კინოკლასიკას უნდა მიემატოს. მით უმეტეს, რომ „მანდარინებს“ 2015 წლის ოსკარზე შანსი ჰქონდა მოეპოვებინა ოსკარი საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმების ნომინაციაში. მაგრამ 2016 წელს, სამწუხაროდ, არცერთი ქართული ფილმი არ არის ნომინაციაში წარდგენილი. შანსი ჰქონდა „მოირას“, თუმცა ვერ მოხვდა.

 

სანდრო ქართული სერიალების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ და „ტიფლისი“ ორი ყველაზე პოპულარული სერიალია დღესდღეობით, რადგან ერთი ქართულ სტერეოტიპებსა და ცრუ ტრადიციებზეა აგებული, მეორე კი ისტორიულ ხასიათს ატარებს და მსახიობების მაღალრპროფესიუნალური შესრულება და ტექნიკური თვალსაზრისით გამართულობა მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

„რეჟისორებისა და მსახიობების ძალიან კარგი თაობა მოდის ამიტომ მეტი დატვირთვა და დაფინანსების გამოყოფაა საჭირო, იმისათვის, რომ ქართულმა კინომ ჰპოვოს განვითარება, თუმცა, ერთი მხრივ, მაყურებელმაც უნდა იაქტიუროს, რადგან კინო მაყურებლის გარეშე არ არსებობს“, – თქვა სანდრომ.

სანაიას აზრით, პრობლემაა ისიც, რომ ახალგაზრდები არ იჩენენ დიდად სურვილს რომ დაესწრნონ კინოჩვენებებს, მაშინ როცა აგერ უკვე 16 წელია ყოველწლიურად იმართება თბილისში ყველაზე დიდი კულტურული მოვლენა, რასაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ეწოდება. ფესტივალზე შესაძლებელია ძალიან დაბალ ფასად უახლესი ფილმების ჩვენება და მასტერკლასებზე დასწრება. თუმცა, როგორც ირკვევა ამ შესაძლებლობას საქართველოში უფრო ზრდასრული ადამიანები იყენებენ ვიდრე დღევანდელი ახალგაზრდობა.

მაია არაბიძე


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე