ნიკა გვარამია იმ პირის დასახელებას აპირებს, რომელმაც მთავრობის მუქარა გადასცა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 22.10.2015
ნანახია: 1670

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ის პროკურატურაში დაკითხვაზე წასვლას და იმ პირის დასახელებას აპირებს, რომელმაც გუშინ მთავრობის მუქარა გადასცა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში მყოფმა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული პირი მასთან საურთიერთობოდ პირადად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაგზავნა.

„ვაპირებ დაკითხვაზე წასვლას და ვაპირებ იმ პირის დასახელებას. პირდაპირ გეუბნებით გამოძიება არ იქნება. ეს სრული ნონსენსია. პირი, რომელსაც მე დავასახელებ - თავად ის, რა თქმა უნდა, არ მემუქრება. ის არის ჩემი მეგობარიც და მთავრობის მეგობარიც. ის უბრალოდ, შემონათვალს გადმომცემს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბევრი შემთხვევა ყოფილა ასეთი. ის პირი ჩემთან საურთიერთობოდ, პირდაპირ გეუბნებით, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოუშვა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, თუ არ ვცდები, პრეზენტაცია იყო მათი ერთწლიანი მოღვაწეობის, შეგიძლიათ კადრებიც ამოიღოთ, რომელშიც ვსაუბრობთ პირდაპირ. მან მითხრა, რომ ეს ადამიანი გადმომცემდა ხოლმე, რას ფიქრობს მთავრობა.ზუსტად ამ პირს ველაპარაკე მე და ამის ვიდეოკადრებიც არის, მისი შესვლა-გამოსვლის და ამ ყველაფერს წარვუდგენ პროკურატურას“, - განაცხადა გვარამიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე