საპატრიარქო წლების წინ დაქორწინებულ წყვილებს ჯვრისწერას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 17:48 | 14.11.2016
ნანახია: 4831

ჯვარდაუწერელ წყვილებს საპატრიარქო საყოველთაო ჯვრისწერაში მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული „ჩოხოსანთა საზოგადოების“ ორგანიზებით, დაიწყო საყოველთაო ჯვრისწერები, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

ჯვარდაწერილ წყვილებს სამების საპატრიარქო ტაძარში დალოცავს მისი უწმინდესობა, მათ კი, რომელთაც თბილისში არ შეუძლიათ ჩამოსვლა, – ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ეხებათ მხოლოდ იმ წყვილებს, რომელთაც წლების წინ შექმნეს ოჯახი, მაგრამ სხვა და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო დღემდე არ არიან ჯვარდაწერილნი.
ქორწინების საიდუმლოება ძალიან ღრმაა და უმნიშვნელოვანესი ადამიანის ცხოვრებაში. ჯვრისწერით წყვილი გამოხატავს მზაობას გაერთიანდნენ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში და ერთობით ისწრაფვონ სასუფევლისაკენ.

ოჯახი რომ იყოს მტკიცე და სიყვარული არ განელდეს, აუცილებელია, მეუღლეები შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში წირვა-ლოცვაზე დაესწრნენ და აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებებში მიიღონ მონაწილეობა, რათა მოიხვეჭონ სულიწმინდის მადლი.

ღმერთის შეწევნა არ მოაკლდეთ ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს”, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე