ვერეს ხეობაში დარგული ხე-მცენარეების ჩანაცვლების პროცესი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:12 | 04.11.2016
ნანახია: 1626

ვერეს ხეობაში დარგული ხე-მცენარეების ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. დღეს გამხმარი ხე-მცენარეების ნაცვლად 200 ძირი კვიპაროსი დაირგო. ჩანაცვლების სამუშაოებს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი დაესწრო.

სამუშაოები კომპანია „გრინ სერვის +“-მა განახორციელა.

2016 წლის საგაზაფხულო რგვების პერიოდში, ვერეს ხეობაში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ, საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ დაირგო 4700 დეკორატიული მცენარე, მათ შორის: ლეილანდის და არიზონას კიპარისები, სმარაგდა-ტუია, ღვიები, ირმის რქა, დეკორატიული ტყემალი, სოფორები, რობინიები, ალბიციები და სხვა.

დარგული ხეების ზომა იყო საკმაოდ დიდი და ამიტომ, მცენარეებს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდათ. მცენარეებისთვის მოეწყო წვეთოვანი სისტემა, შეიტანეს ფესვის კვების და კონტაქტური სასუქები.

 სამსახურის სპეციალისტები დამოუკიდებელ ექსპერტებთან და მეცნიერებთან ერთად  მცენარეების მუდმივ მონიტორინგს აწარმოებდნენ. მათი შეფასებით, მცენარეების 80% მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელი იყო. ნოემბრის დასაწყისში კონტრაქტორი კომპანიის მიერ დაიგეგმა გამხმარი მცენარეების საბოლოო აღწერა. სულ დაფიქსირდა 550 გამხმარი მცენარე, რომელიც კონტრაქტორმა კომპანიამ ამოიღო. საბოლოო შეფასებით, 4700 მცენარიდან გახმა 550 მცენარე, რაც დარგული ნერგების საერთო რაოდენობის 12%-ია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა გამხმარი ნერგის ჩანაცვლება.

კონტრაქტორ კომპანიას ვალდებულება აქვს გახმობის შემთხვევაში მცენარეები  2017 წლის გაზაფხულზეც ჩაანაცვლოს. ჩანაცვლება ხორციელდება კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში და მერიის მხრიდან სხვა რაიმე დამატებითი თანხების გადახდა გათვალისწინებული არ არის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე