ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

საქართველო, თბილისი - 13:33 | 04.11.2016
ნანახია: 1223

ნაძალადევის რაიონში ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია  ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი და იგება ასფალტის საფარი. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ტროტუარისა  და ბაზალტის ბორდიურის მოწყობას. ჯამში, ჩარგლის ქუჩაზე, 45 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება. 

დავით ნარმანიას თქმით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია. ამით წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება. მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სანიაღვრე სისტემითა და ასფალტის ახალი საფარით კეთილმოწყობილ ქუჩას
ჩავაბარებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ჰამლეტ ჟიჟიაშვილი გაეცნენ.

ჩარგლის ქუჩის რეაბილიტაციას შპს „ენკო“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან,  2 560 000 ლარია გამოყოფილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე