მეორე საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან რვა წელი შეუსრულდა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 02.11.2016
ნანახია: 1788

საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან რვა წელი შეუსრულდა. ბრიგადის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი ხონში, II საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა მიულოცეს.

არტილერისტებს სიტყვით მიმართა სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ. სამხედრო მოსამსახურეები ბრიგადის კაპელანმა, მამა აკაკიმ დალოცა. 
ბრიგადის დაბადების დღეს, საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, სამი სამხედრო მოსამსახურე წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დაჯილდოვდა. 16 სამხედრო მოსამსახურეს კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უმწიკვლო სამსახურისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ასევე უწყებრივი მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადაეცა. ცერემონიალზე გამოვლინდნენ 22 ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეებიც, რომლებმაც სპეციალური სამახსოვრო ჯილდო მიიღეს.

II საარტილერიო ბრიგადის იუბილეზე სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. მოგვიანებით, გენერალური შტაბის უფროსმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიგადის ტერიტორიაზე ხეები დარგეს.

საზეიმო ღონისძიებას  დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები, ხონის რაიონის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

II საარტილერიო ბრიგადა 2008 წლის პირველ ნოემბერს, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, I საარტილერიო ჯგუფის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ბრიგადის დისლოკაციის ადგილად ქალაქი ხონი განისაზღვრა. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო სწავლებასა და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე