სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული, ორსული ქალისთვის ახმეტის გამგეობას განაცდურის გადახდა მოუწევს

საქართველო, თბილისი - 12:55 | 31.10.2016
ნანახია: 1440

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული, ორსული ქალისთვის ახმეტის გამგეობას განაცდურის გადახდა მოუწევს. თელავის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება წელიწადნახევრიანი განხილვების შემდეგ გამოაცხადა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სასამართლომ ბათილად ცნო გამგებლის, ბექა ბაიდაურის 2015 წლის 14 აგვისტოს ბრძანება ანა ახალაურის სამსახურიდან განთავისულფების შესახებ და მოპასუხეს მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

,,შეგახსენებთ, 8 თვის ორსული ანა ახალაური ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით თანამდებობიდან 2015 წლის 14 აგვისტოს გაათავისუფლეს.

ორსული ქალის სამსახურიდან განთავისუფლებას წინ უძღოდა შემდეგი გარემოება: ანა ახალაურმა, 2015 წლის 13 აგვისტოს, მიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს დეკრეტული შვებულების თხოვნით. გამგებელმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა, რის შემდეგომაც ანა ახალაური იძულებული გახადეს, იმავე დღეს, დაეწერა განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, რაც გამგებლის მიერ მაშინვე იქნა დაკმაყოფილებული.

ახალაურმა საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას. გაერთიანების ქალთა კომიტეტმა მყისიერად მოახდინა რეაგირება ანას უფლებების დაცვის მიზნით. მოსარჩელის უფლებებს საქართველოს პროფესიული კავშირების გართიანება იცავს.

აღნიშნულ საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლოში არაერთი სასამართლო პროცესი იქნა ჩატარებული. 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გამგებლის ბრძანება ანა ახალუარის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი“.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე