უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში

საქართველო, თბილისი - 11:28 | 21.10.2015
ნანახია: 2059

საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ მუჟენკო წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა. გენერალური შტაბის უფროსმა ის უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაშავდნენ.

სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იქ არსებულ პირობებს გაეცნენ. ვიქტორ მუჟენკომ დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის საქართველოს მთავრობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

ამჟამად წეროვანში რეაბილიტაციის კურსს დაჭრილი უკრაინელი სამხედროების მეორე ნაკადი გადის. 15 უკრაინელი ჯარისკაცი საქართველოში რეაბილიტაციის პროგრამაში საქართველო-უკრაინას შორის 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე არის ჩართული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დილიდან მართავს. გენერალ-პოლკოვნიკ ვიქტორ მუჟენკოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გენერალურ შტაბში უმასპინძლა. დახვედრის ცერემონიალის შემდეგ ორი ქვეყნის პირველმა სამხედრო პირებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, მოგვიანებით კი უკრაინის გენერალური შტაბის დელეგაციასთან გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა.

ოფიციალური შეხვედრების შემდეგ უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. უკრაინის დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისსაც“ ეწვია და სამეთაურო-საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2015-ის“ მიმდინარეობას გაეცნო.
გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ მუჟენკო საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ დაასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე