საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრები ავსტრიაში ვარჯიშობს

საქართველო, თბილისი - 11:15 | 20.10.2016
ნანახია: 1773

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროსა და გენერალური სპონსორის კომპანია "სილქნეტის“ მხარდაჭერით, 2016-2017 წლის ზამთრის სეზონი ავსტრიაში ვარჯიშით გახსნეს. 

ამჟამად საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრები ავსტრიაში იმყოფება. ქართველი მოთხილამურეები ჰინტერტუქსის მყინვარზე ვარჯიშობენ. მათ რამდენიმე დღის წინ ახალი ინვენტარი (თხილამურები და სათხილამურო ჩექმები) მიიღეს. ჩვენი სპორტსმენები ემზადებიან 2017 წლის სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც თებერვალში გაიმართება. მანამდე კი fis-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში, მსოფლიო თასისა და საქართველოს თასის რამდენიმე ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.

გუშინ საქართველოს სამთო-მოთხილამურეებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციიდან დელეგაცია ეწვია. ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა - გიორგი რამიშვილმა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა - ზურაბ კოსტავამ და ვეტერანმა სპორტსმენმა - გიორგი გურაბანიძემ ჩვენს მოთხილამურეებთან ერთად ისრიალეს.
სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები სეზონის გახსნის  ვარჯიშს დაესწრნენ და სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.

სახელმწიფოსთან ერთად მოთხილამურეების წარმატებისათვის, ბოლო 8 წლის განმავლობაში უანგაროდ ზრუნავს კერძო კომპანია „სილქნეტი“, რისთვისაც მას დიდი მადლობა ეკუთვნის.
საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს ყველა ორგანიზაციასთან, რათა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარებისათვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე