საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 10.10.2016
ნანახია: 1276

 
შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოში საგარეო უწყების მოწვევით იმყოფებიან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების პროცესზე. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნეს თავიანთი პირველადი შეფასებები და აღნიშნეს, რომ არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირდა, რომ აღნიშნული არჩევნები არის დიდი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესში.
 
„აღნიშნული არჩევნები იყო ქართული დემოკრატიის გამარჯვება, რაც დადასტურდა როგორც თავისუფალი საარჩევნო პროცესით, ასევე  იმ ღია და გამჭირვალე საარჩევნო გარემოთი, რითიც ხასიათდებოდა მთელი ეს პერიოდი. სწორედ ამ მიმართულებებზე ვისაუბრეთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო დამკვირ​ვებლებითაც, რომლებიც ხანგრძლივი ვადით აკვირდებოდნენ არჩევნებს. შესაბამისად მათი შეფასებები  ეხება არა მარტო ხმის მიცემის დღეს, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესს, წინასაარჩევნო პერიოდს.  ეს არჩევნები იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის  უმნიშვნელოვანესი და დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ  გადადგმული დიდი ნაბიჯი.  დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზაობა გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან  მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერისისა და საარჩევნო პროცესების აქტიური მონიტორინგისათვის. მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობამ ხელი შეუწყო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე