შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ 2014 -2016 წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 05.10.2016
ნანახია: 1356

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში 2014-2016 წლების განმავლობაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 ახალი სასაზღვრო სექტორი ააშენა. წლის ბოლომდე, აშშ-სა და ევროკავშირის დახმარებით, დაგეგმილია კიდევ 7 ახალი სასაზღვრო სექტორის გახსნა.
აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, დაიწყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების -„კასუმლოსა“ და „ქედის“ მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის კოშკურებით, ღამის ხედვისა და სითბური კამერებით აღჭურვა, სპეცავტოტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა.
სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, აშშ-ს მხარდაჭერით, ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სტრატეგიული ობიექტი – ახალი ნავმისადგომი გაიხსნა.
2016 წელს საფუძველი ჩაეყარა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური ცენტრის მშენებლობას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების ვოლიერებით, სანაშენე ბოქსებითა და საოპერაციოებით აღიჭურვება.
აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, სადგურ „სუფსას“ ტერიტორიაზე, აშენდა ერთიანი მართვის ცენტრი, რომლის მიზანია საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა.
განახლდა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი: მესაზღვრეებს გადაეცათ მაღალი გამავლობის 20 ავტომანქანა, 6 თოვლმავალი, 4 ტრაქტორი და 43 კვადროციკლი.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორი 110 ფუტიანი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად გადასცა.
განხორციელებული პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ტექნიკა და ინვენტარი: ავტომობილები, კვადროციკლები, ტრაქტორები, თოვლმავლები, ღამე ხედვის ხელსაწყოები, თერმული ხედვის კამერები, პერსონალური რადიაციული დეტექტორები, რადიაციის იდენტიფიკატორები, რადიოკავშირის საშუალებები, ბინოკლები და სხვა აღჭურვილობა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე