კონგრესმენი ჰანტერი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 16:18 | 27.09.2016
ნანახია: 1342

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კალიფორნიის შტატის კონგრესმენი დანკენ ჰანტერი საქართველოს შესახებ კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა.

კონგრესმენმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დანკენ ჰანტერმა ქართველ ხალხს 25-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების წარმატებით გატარება მიულოცა.

კონგრესმენმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და განსაკუთრებით გამოყო ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული  თანამშრომლობა. მისი შეფასებით, თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას როგორც რეგიონში, ისე გლობალურად და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდას.

კონგრესმენმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების  მონაწილეობის მნიშვნელობას.

წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

„შეშფოთებული ვარ, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და მიმაჩნია, რომ მოსკოვმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებანი. აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი ურყევია, ისევე როგორც ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი“, - განაცხადა დანკენ ჰანტერმა.

2016 წლის 9 აგვისტოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660) აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო. სახელობითი კენჭისყრის შედეგად რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის 410-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 6-ის წინააღმდეგ.​



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე