საქართველოს, ამერიკასა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 27.09.2016
ნანახია: 1338

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებინმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტო (BFSA) ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას გაუწევენ საქართველოს რისკის მართვისა და რისკის შეფასების ორგანოებს მათი ინსტიტუციური გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო მხარდაჭერით არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აგრარული დარგის განვითარებას უწყობს ხელს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებთან თანამშრომლობა, რაც, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებში, მნიშვნელოვანი დახმარებაა ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების გატარების პროცესში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ვინაიდან ბულგარეთმა სულ რამდენიმე წლის წინ გაიარა ის გზა, რომელსაც საქართველო დღეს გადის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რისკის მართვისა და რისკის შეფასების შესაძლებლობების გაძლიერება  ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ასოცირებული რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მართვის მექანიზმებს გააუმჯობესებს და დააახლოებს საქართველოს ევროსტანდარტებთან; შედეგად, საქართველო ევროპისა და ამერიკის უფრო სანდო პარტნიორი გახდება ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობაში.

„საქართველოსთვის ტექნიკური დახმარება მიმართულია იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც ქვეყანას დაეხმარება შევიდეს ევროკავშირისა და ამერიკის ბაზარზე. სამმხრივი შეთანხმება, რომელიც გაფორმდა, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება და ველით დადებით შედეგებს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დესისლავა ივანოვას განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ბულგარეთი საქართველოს კვების უსაფრთხოების მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს.

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება არის საქართველოს მიერ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ბულგარეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ მომავალს და მზადყოფნას გამოთქვამს გამოცდილების გაზიარების კუთხით“, - განაცხადა ბულგარეთის ელჩმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე