ხიდაშელი: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ

საქართველო, თბილისი - 12:32 | 22.09.2015
ნანახია: 2079

ჩვენ გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ, როცა ქვეყნის ნახევარი ნატოში გაწევრიანდა, მეორე ნახევარი კი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ დარჩა, - მის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემა "HARDtalk"-ში განაცხადა.

მინისტრმა იმ ურთიერთობებზეც ისაუბრა, რომელიც ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში უშუალოდ აფხაზეთსა და ცხინვალთან ექნება და განმარტა, რომ საქართველოს გეგმაში არავისზე თავდასხმა არ შედის. "აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და მუდამ ასე იქნება. საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ აფხაზი და ოსი ხალხის გული მოიგოს. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის ყველა მთავრობის ახლანდელი მიზანი ამ ტერიტორიების დაბრუნებაა. ჩვენ გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ, როცა ქვეყნის ნახევარი ნატოში გაწევრიანდა, მეორე ნახევარი კი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ დარჩა. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ ომისა და შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე დასრულდება. არსებობს გამოცდილება, მაგალითი და საქართველო მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს. ჩვენ არასდროს ჩავერთვებით ომში აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან".

საქართველოს ინიციატივით არასდროს ყოფილა ომი "სამხრეთ ოსეთისა" თუ აფხაზეთის წინააღმდეგ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა, ნათელია. პირველი - ეს არის სტრატეგიული მოთმინება, მეორე - ნდობის ამაღლება", - განმარტა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე