ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები გაახანგრძლივა

საქართველო, თბილისი - 17:15 | 15.09.2016
ნანახია: 1434

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები 146 ფიზიკური პირისა და 37 კომპანიის წინააღმდეგ ოფიციალურად გაახანგრძლივა.  აღნიშნულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბრიუსელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე პასუხისმგებლებად მიიჩნევს. სანქციების მოქმედების ვადა 2017 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.

ე.წ. "შავ სიაში" მოხვდნენ მილიარდერები არკადი როტენბერგი და იური კოვალჩუკი, ბიზნესმენები კონსტანტინ მალოფეევი და ნიკოლაი შამალოვი, ასევე სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ფედერაციის საბჭოს წევრები სერგეი ჟელეზნიაკი, სერგეი მირონოვი, ლეონიდ სლუცკი და სხვები.

პერსონალური სანქციები სავიზო შეზღუდვებსა და ევროკავშირის ტერიტორიაზე განთავსებული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები 2014 წლის მარტში დააწესა. ამას გარდა, ბრიუსელს დაწესებული აქვს სექტორალური შეზღუდვები, რომლებიც 2017 წლის 31 იანვრამდე მოქმედებს, ასევე სანქციების ანექსირებული ყირიმის წინააღმდეგ, რომელთა მოქმედების ვადა 2017 წლის 23 ივნისს იწურება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე