საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:10 | 23.09.2015
ნანახია: 2118

დღეს, 23 სექტემბერს 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომმაზე დღისწესრიგის მიხედვით 3 საკითხზე იმსჯელებენ. კერძოდ: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის; სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები; „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტის“ პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი.

როგორც უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული სხდომის მომხსენებლები იქნებიან:

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად.

საქართველოს კონსტიტუციის 93 მუხლის მე-2 პუნქტისა და საბიუჯეტო კოდექსის მუხლი 38 ის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბერისა წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე