საქართველოს საპატრიარქოსთვის 8 რელიგიური ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელი გაუგებარია

საქართველო, თბილისი - 12:00 | 17.10.2015
ნანახია: 1727

საქართველოს საპატრიარქოსთვის 8 რელიგიურ ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელი გაუგებარია. საპატრიარქო აღნიშნულტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე მათთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათები რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს, არამედ ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას და ბუნებრივია, დისკრიმინაციასთან საერთო არაფერი აქვს.  

”კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერი დისკრიმინაციულია სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში.

ერთი ან რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისათვის საგადასახადო ან სხვა სახის შეღავათების მიცემა ჩვეულებრივი პრაქტიკაა ევროპის კავშირის წევრი მრავალი ქვეყნისთვის. ამ სივრცეში არსებობს სხვადასხვა მექანიზმები რელიგიური გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერისათვის: იქნება ეს პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, საგადასახადო შეღავათები თუ საეკლესიო გადასახადები. დანიის, საბერძნეთის, ფინეთის, ესპანეთის თუ სხვა ქვეყნების მაგალითები ამის ნათელი დადასტურებაა. საერთაშორისო აქტებსა თუ რეკომენდაციებშიც ამგვარი პრაქტიკა დისკრიმინაციად არაა მიჩნეული. მაგალითად, 2004 წლის ,,რეკომენდაციებში რწმენისა და აღმსარებლობის სფეროში კანონმდებლობის ანალიზისათვის“, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისაგან და მოწონებულია ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის მიერ, აღნიშნულია: „ბევრ ქვეყანაში გარკვეულ რელიგიურ ინსტიტუტებს შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფოს მიერ დაწესებული მრავალი შეღავათი - გადასახადების გადახდა იქნება ეს თუ პირდაპირი სუბსიდიები. როგორც წესი, არც ერთი ზემოაღნიშნული პრივილეგიის უბრალო მინიჭება არ ეწინააღმდეგება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უფლებას“. ამასთან მითითებულია, რომ მისაღებია ქვეყნის ისტორიაში ამა თუ იმ რელიგიის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა: „კანონმდებლობა რომელიც აღიარებს სხვადასხვა რელიგიის ისტორიულად განპირობებულ როლს გარკვეული ქვეყნის ისტორიიის ჩამოყალიბებაში, დასაშვებია იმ პირობით, რომ ეს არ იქნება დისკრიმინაციის საბაბი“.

ყოველივე ამის გათვალისწინებითაა, რომ გერმანიაში, ავსტრიაში, ლიტვაში სახელმწიფოს მხრიდან შეღავათები დაწესებულია მაღალი და არასაბაზისო სტატუსის მქონე რელიგიური გაერთიანებებისათვის, ხოლო სხვა რელიგიური გაერთიანებებისათვის ეს   დაშვებული არ არის.

შეგახსენებთ ეუთოს 1999 წლის საცნობარო დოკუმენტსაც „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება: კანონი, რომელიც გავლენას ახდენს რელიგიური გაეთიანებათა სტრუქტურაზე“, სადაც წერია რომ: „დღეისათვის ამგვარი განსხვავება არ არღვევს თანასწორი მოპყრობის კანონებს, ალბათ, იმის გამო რომ თვით ასეთ სისტემაში არსებული შეხედულებები ბუნებრივად გამომდინარეობს ისტორიიდან, ტრადიციებიდან, დაგროვილი გარემოებებიდან...“.

ასევე შეგახსენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე - „იგლესია ბაუტისტა და ორტეგა მორატილა ესპანეთის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ დისკრიმინაციად არ მიიჩნია ის საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ესპანეთში სარგებლობს მხოლოდ კათოლიკური ეკლესია. მაგალითების მოყვანას აღარ გავაგრძელებთ.

ყოველივე ეს ვფიქრობთ თვალნათლივ მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ჩვენთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათები რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს, არამედ ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას და ბუნებრივია, დისკრიმინაციასთან საერთო არაფერი აქვს.  

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ რელიგიური უმცირესობებისათვის კომუნისტურ პერიოდში მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების საკითხს. დიდი ხანია საუბარია ტრადიციული რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში გარკვეული, მათ შორის საგადასახადო, შეღავათების მინიჭებაზეც.

ამ ფონზე სრულიად გაუგებარია რიგი რელიგიური უმცირესობების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად კი არ ისახავს მათთვის მსგავსი შეღავათების დაშვებას, არამედ ჩვენი ეკლესიისათვის შეღავათების გაუქმებას.

საქართველოს საპატრიარქო მომავალ კვირას ამ საკითხის განსახილველად ინტერრელიგიური საბჭოს ფორმატში დიალოგისათვის იწვევს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 რელიგიურმა ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებისთვის საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის. მოსარჩელეთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ. სარჩელით მოთხოვნილია იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დამატებული ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია;საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია; ქართველ მუსლიმთა კავშირი; საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია; მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი; საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია; წმიდა სამების ეკლესია; ქრისტეს ეკლესია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე