სპეცოპოერაცია თბილისში - ამოღებულია დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა

საქართველო, თბილისი - 11:32 | 17.10.2015
ნანახია: 1972

თბილისში ჩატარებული  ოპერაციისას კი 1995 წელს დაბადებული ლევან ყ. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "სამართალდამცველებმა თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, სამსახურებრივი შემოვლის დროს შეამჩნიეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში პოლიეთილენის პარკში შეფუთული იარაღი ეჭირა. პოლიციელების დანახვისას მამაკაცმა პარკი მიწაზე დააგდო და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი რამდენიმე მეტრში დააკავეს".

სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ პოლიეთილენის პარკის დათვალიერებისას გლუვლულიანი სანადირო თოფი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 166 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 422 საბრძოლო ვაზნა, ა-კა-ეს-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი, 1 გადაჭრილი თოფი ე.წ. "აბრეზი", კარაბინის ტიპის 1 შაშხანა, 2 სანადირო თოფი, 400 გრ ტროტილი, 784,4 გრ დენთი, ჯე1-ის ტიპის ხელყუმბარა და 2 ამფეთქი ფალია ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე