უზბეკეთში, 31 აგვისტოს დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო

საქართველო, თბილისი - 18:11 | 30.08.2016
ნანახია: 1488

უზბეკეთში 31 აგვისტოსთვის დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო, რომლებიც დამოუკიდებლობის 25 წლისთავს ეძღვნებოდა. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, გასულ წლებში მსგავს ღონისძიებებს ყოველთვის ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი.

თუმცა ამჯერად ვრცელდება ინფორმაცია ისლამ კარიმოვის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე გაურკვეველია სადღესასწაულო ღონისძიებების გადადება უკავშირდება თუ არა პრეზიდენტის ავადმყოფობას. გაურკვეველია ასევე, გაიმართება თუ არა სახალხო ზეიმი, რომელიც უზბეკეთში 1 სექტემბერს იმართება.

რუსული მედიის ცნობით, ზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ დასტურდება. ,,ბიბისი“ რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის აპარატში უარყოფენ ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში არავითარი ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა.

,,მის მდგომარეობას მედიკოსები აფასებენ, როგორც სტაბილურს“ - აცხადებს წყარო ,,ინტერფაქსთან“, ასევე ,,რია ნობოსტისთან“ თუმცა სააგენტოები წყაროს ვინაობას არ ასახელებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვიც.

შეგახსენებთ, 28 აგვისტოს უზბეკეთის მთავრობამ გაავრცელე განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისლამ კარიმოვი სტაციონარულ მკურნალობას გადის, თუმცა დიაგნოზზე არაფერია ნათქვამი.

“სპეციალისტთა აზრით, სრულ სამედიცინო გამოკვლევასა და შემდგომ მკურნალობას გარკვეული დრო დასჭირდება”, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.

უზბეკეთის პრეზიდენტის, 78 წლის ისლამ კარიმოვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია 29 აგვისტოს პრეზიდენტის შვილმა, ლოლა კარიმოვა-ტილიაევამაც გაავრცელა. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ მისი მამა ინსულტის გამოა ჰოსპიტალიზებული.

“ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო ის ჰოსპიტალიზებულია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური”, - წერს კარიმოვა.

ცნობისათვის, ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1989 წლიდან მართავს.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე