საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 14:25 | 28.08.2016
ნანახია: 1536

საკონსტიტუციო სასამართლო ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

,,საჭიროდ მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ 27 და 28 აგვისტოს გაკეთებულ არაერთ ფაქტობრივად მცდარ და მადისკრედიტირებელ განცხადებას.

ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ერთპიროვნულად დანიშნა ე.წ. უგულავა-კაბელების სხდომა. სხდომის ჩანიშვნის შესახებ კონსულტაციები შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ მოსამართლეებს შორის. ბატონი კობახიძე შეუძლებელია კანონიერად ფლობდეს ასეთ ინფორმაციას. ამდენად, გაუგებარია, საიდან შეიძლება იცოდეს “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა ერთპიროვნულად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, თუ მოსამართლეებთან კონსულტაციის შედეგად? აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი არ ერიდება სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას.

ბ-ნმა კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკურად მოტივირებულ, ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა. მოვუწოდებთ ბ-ნ კობახიძეს, დაასახელოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, მისი აზრით, იყო დაუსაბუთებელი და ემსახურებოდა ხელისუფლების ინტერესებს. ბ-ნმა კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, ასევე კარგად უნდა იცოდეს, რომ 2012 წლამდე მიღებული გადაწყვეტილებების ნახევარზე მეტი მიღებულია მოსარჩლეთა სასარგებლოდ (და, შესაბამისად, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ).

საღ აზრს მოკლებულია ბ-ნი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაზრდილი რაოდენობა მიანიშნებს სასამართლოს პოლიტიზირებაზე. აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული სარჩელების რაოდენობა გასამმაგდა, შესაბამისად, გაიზარდა მათი განხილვა/გადაწყვეტის ტემპიც და მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობაც“ - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების“ აღმასრუელბელმა მდივანმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში დაადანაშაულა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე