Gem Fest-ი - „ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა ქვეყნის სავიზიტო ბარათი"

საქართველო, თბილისი - 16:00 | 20.08.2016
ნანახია: 2176

Gem fest-2016-ის შედეგების პრეზენტაცია დღეს, ტექნოპარკში გაიმართა. ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი გიორგი სიგუა მედიას და სხვა დაინტერესებულ პირებს შეხვდა და საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა, პროექტის შესახებ, რომელიც “checkin GEORGIA”-ს ფარგლებში 1,9 მლნ ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გიორგი სიგუამ მადლიერება გამოთქვა საქართველოს მთავრობის, სამეგრელოს რეგიონის ხელმძღვანელობისა და პირადად, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, რომელმაც რეგიონში არსებულ ყველაზე მასშტაბურ და წარმატებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს მხარდაჭერა გამოუცხადა. გიორგი სიგუას თქმით, სწორედ მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით Gem Fest საქართველოსთვის სუპერწარმატებული პროექტი გახდება მსოფლიოს მასშტაბით.

"მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს მთავრობისგან და პირადად გიორგი კვირიკაშვილისგან, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ Gem Fest-ი გახდეს მეგაპროექტი და სუპერწარმატებული პროექტი ქვეყნისთვის. როგორც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, როდესაც ფესტივალს ვქმნიდით, ეს იქნება ქვეყნის სავიზიტო ბარათი”,- განაცხადა გიორგი სიგუამ.

GEM fest 2016-ზე სტუმართა რაოდენობამ 30 000 ადამიანს გადააჭარბა, აქედან 1500-ზე მეტი ვიზიტორი მოსკოვში გაუქმებული ფესტივალის, “აუთლაინის” ბილეთებით, 9-14 აგვისტოს ანაკლია-განმუხურში გამართულ ფესტივალს, სრულიად უსასყიდლოდ დაესრწო. წელს 5 სცენაზე 133-მა არტისტმა დაუკრა, მათ შორის ისეთმა მსოფლიო დონის ელექტრონული მუსიკის ლეგენდებმა, როგორებიც არიან Paul Kalkbrenner, Fedde Le Grand, Paul Van Dyk, Stephan Bodzin,Gus Gus, Dub FX , Boris Brejcha და სხვა.

საფესტივალო ტერიტორიაზე მოწყობილ 3000-ზე მეტ კარავს, ანაკლია-განმუხურსა და ზუგდიდში არსებულ სასტუმროებსა და “გესთ ჰაუსებს” ვიზიტორები 82 ქვეყნიდან სტუმრობდნენ. წელს ანაკლიაში გამართულ საერთაშორისო ზეიმს 150-მდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები პირი დაესწრო.

ფესტივალი 20-ზე მეტმა საერთაშორისო მედიამ გააშუქა და სამეგრელოს რეგიონში 6 დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, GEM Fest 2017  ერთთვიანი  სახალხო ზეიმი, კიდევ უფრო მასშტაბური  და შთამბეჭდავი იქნება, თუმცა დეტალებს საგანგებო პრეზენტაციამდე ასაიდუმლოებენ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე