ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) მხარდაჭერით „ქუთაისის წყალარინების პროექტი” დაფინანსდება

საქართველო, თბილისი - 15:19 | 15.10.2015
ნანახია: 1675

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მყოფი EIB-ის  ვიცე-პრეზიდენტი ლასლო ბარანიაი (Laszlo Baranyay), საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

დღესვე, ფინანსთა მინისტრმა და  ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას  საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „ქუთაისის წყალარინების პროექტის” დაფინანსების მიზნით 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.  ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი.

აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებისათვის ევროკავშირის მიერ ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში გამოყოფილი იქნება 4,75 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი და ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდიდან (EPTATF) 3,25 მილიონი ევროს ოდენობით გრანტი პროექტის ტექნიკური დახმარებისთვის.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.  (კერძოდ, შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, ჩამდინარე წყლების ახალი სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და მოხდება ძველი საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაცია, აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა.)

პროექტს  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს

აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით წყლის სექტორში მიმდინარეობს ორი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების (სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, შიდა ქართლი და კახეთი) მასშტაბით წყლისა და სანირების სფეროში ეფექტურობის, მომსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ქვეპროექტების განხორციელებას. აღნიშნულისათვის EIB-ის მიერ გამოყოფილია 80 მლნ ევრო სესხის სახით.

EIB-ის  ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე  აღნიშნული პროექტების თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში გამოყოფილია გრანტები, პირველი პროექტისთვის 4 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო მეორე პროექტისთვის - 8 მილიონი ევროს ოდენობით.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის მიერაა დაფუძნებული და მნიშვნელოვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს. ბანკთან საქართველო 2007 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად (ენერგეტიკის სექტორი, გზები, წყლის ინფრასტრუქტურა). როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილში თბილისში მუშაობა დაიწყო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულმა ოფისმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე