მედიატური ხიხანის ხეობაში

საქართველო, თბილისი - 13:24 | 02.08.2016
ნანახია: 1256

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხიხანის ხეობაში მედია ტურს გაუწია ორგანიზება. სათავგადასავლო, ექსტრემალური ტური, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლები ღებულობდნენ ხულოში სელიმ ხიმშიაშვილის სახლმუზეუმიდან დაიწყო და ხიხანის ციხის ძირში დასრულდა. ჟურნალისტები სათავგადასავლო მარშრუტში შემავალ ისტორიულ-კულტურულ ადგილებს, ხეობის მდიდარ გასტრონომიას, ფოლკლორსა და საოჯახო სახლებს გაეცნენ.

ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია ტურისტებისთვის. ულამაზესი ხიხანის ხეობა თავგადასავლების, ლაშქრობის, გასტრონომიული და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაოებების მოყვარულთათვის მიმზიდველი ადგილია. ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე გაფანტული ტრადიციული აჭარული სახლები, სადაც რეგიონის კულტურა და უახლოესი წარსული მოგზაურის თვალწინ ცოცხლდება აჭარული ყოფის თვალსაჩინო მაგალითია. ულამაზესი ხეობა ისტორიული ციხეებით, ჩანჩქერებითა და კულტურული ძეგლებით მდიდარია. ხეობის სავიზიტო ბარათად XII-XIII საუკუნის ხიხანის ციხე ითვლება. ციხე ზღვის დონიდან 2220 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მისი დალაშქვრის მსურველთათვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს. ციხიდან ხეობის ულამაზესი პეიზაჟები იშლება. ხეობის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას სხალთის მონასტერი წარმოადგენს, რომელიც ხულოს რაიონში შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის  ნიმუშია.

მედიატურის ფარგლებში ხეობას 15-მდე ჟურნალისტი სტუმრობდა. ხეობის ტურისტული პოტენციალის შესახებ ისინი სიუჟეტებსა და რეპორტაჟებს მოამზადებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე