მთავარმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება გაითვალისწინა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 02.08.2016
ნანახია: 1208

საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 11 ივლისის წინადადების შესაბამისად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე, რომელიც პარტნიორობაზე უარის თქმის მოტივით ხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს უკანონო ადევნებისა და თვალთვალის, ასევე, ქალის მიმართ გენდერული ნიშნით მოტივირებული ძალადობის დეფინიციას, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოკლე ვადაში განხორციელდა სახალხო დამცველის წინადადებაზე რეაგირება. 2016 წლის 21 ივლისს დაკავებული იქნა მოქალაქე ჯ.ხ., რომელსაც წარედგინა ბრალდება, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს გირაო შეუფარდა.

საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება მოქალაქე რ.ვ.–ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას შეეხებოდა. განმცხადებლის ინფორმაციით, მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუქარას წლების განმავლობაში ახორციელებდა მოქალაქე ჯ.ხ., პარტნიორულ ურთიერთობაზე უარის თქმის გამო. აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი ქმედებების ისტორია 2010 წლიდან დღემდე გრძელდებოდა და სამართალდამცავი ორგანოებისადმი რ.ვ.–ს არაერთი მიმართვა ფიქსირდება. თუმცა, ყოველი მიმართვის შემდეგ, სამართალდამცავი უწყება რ.ვ–ს მიერ განხორციელებულ თითოეულ მიმართვას განიხილავდა, როგორც ცალკე აღებულ შემთხვევას, ძალადობის სისტემატურ ხასიათს არ ითვალისწინებდა და სახალხო დამცველის მიერ წინადადების გაგზავნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უმსჯელია აღნიშნული ქმედებების ერთობლიობით სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების საჭიროებაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე