43 პირი ფასდაკლებების ვებსაიტზე თაღლითობისთვის პასუხისგებაში მიეცა

საქართველო, თბილისი - 09:54 | 22.09.2015
ნანახია: 2069

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის და თაღლითობის ფაქტზე, 43 პირი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ფასდაკლებების ერთ-ერთ ვებსაიტზე სხვადასხვა დროს შეიძინეს სხვადასხვა კატეგორიის მომსახურება და პროდუქცია. მათ გადახდის დროს, ფასდაკლებების ვებსაიტის ელექტრონული საგადახდო დავალების ვებგვერდში ხელოვნური ჩარევის გზით, თანხის ველში უკანონოდ შეიტანეს ცვლილება და პროდუქციის რეალური ღირებულების ნაცვლად 0,01 თეთრი მიუთითეს, კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად, მიზერულ ფასად შეძენილ მომსახურეობას და პროდუქციას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, ფასდაკლებების კომპანიამ დიდი ოდენობით - 95047 ლარის მატერიალური ზიანი მიიღო. ყველა ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი, 180-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე