აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ინტეგრაციის გაღრმავებისთვის სამუშაო გეგმა შემუშავდება

საქართველო, თბილისი - 10:36 | 15.10.2015
ნანახია: 2286

აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ინტეგრაციის გაღრმავებისთვის სამუშაო გეგმა შემუშავდება. „დღეს ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის უმეტესობის გადაზიდვა ხორციელდება ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა კი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად“, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმის გახსნისას, რომელსაც 30 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი ესწრება.

პრემიერ-მინისტრმა მიზნის მისაღწევად სატარიფო და საბაჭო სტრატეგიების გამარტივებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნინა, რომ „ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს ჩვენს თანამშრომლობას სატარიფო და საბაჟო სტრატეგიების გამარტივებისა და აგრეთვე ჩვენი ინფრასტრუქტურის ინტეგრაციისა და მოდერნიზაციის მიმართულებით“.

„მოვუწოდებ ამ კონფერენციის ყველა მონაწილეს თანამშრომლობისკენ და ჩვენი პოტენციალის ხორცშესასხმელად ახალი გზების მოძიებისკენ. ეს არის ჩვენი პირველი ფორუმი. ჩემი მიზანია, ყველამ შევიმუშაოთ აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ინტეგრაციის გაღრმავების სამუშაო გეგმა, რათა მომავალ წელს წარვადგინოთ ანგარიშები ამ გეგმის შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლის შესახებ. ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას. წინ დიდი სამუშაო გველის. იმედით შევყურებ შემდგომ ფორუმებს, რომლებზეც ხაზგასმული იქნება ჩვენი ერთობლივი წინსვლა ნათელი მომავლისკენ. ამ ორი დღის განმავლობაში ველი თქვენს გამოხმაურებებს და მოსაზრებებს აბრეშუმის გზის მომავლის ხედვასთან დაკავშირებით“, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე