პეტრიაშვილი: ვიდრე პრეზიდენტმა პირდაპირ არ თქვა, მანამდე პროკურატურას განცხადება არ გაუკეთებია

საქართველო, თბილისი - 12:50 | 26.07.2016
ნანახია: 1203

,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურაში დაწყებული საქმე კონკრეტული შედეგით დასრულდება და ხელისუფლებას ეყოფა პოლიტიკური ნება გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, ის დადებითად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, ქვეყნაში დიდი ხნის წინ დაწყებულმა სახიფათო ტენდენციებმა პიკს მიაღწია. ირკვევა, რომ პრეზიდენტს განცხადების გაკეთებამდე, პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა და ჩათვალა, რომ არასათანადოდ იყო აღქმული ეს ინფრომაცია. „ვიდრე პრეზიდენტმა პირდაპირ არ თქვა სათქმელი, მანამდე არც პროკურატურას, არც შსს-ს განცხადება არ გაუკეთებია. ეს არის საგანგაშო სიგნალი არა მხოლოდ კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირისთვის ან პოლიტიკური ძალისთვის, არამედ მთელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები და რეაქციები არაადეკვატური იყო, თუმცა მისასალმებელია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მისი განცხადებით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაჩნდეს განცდა იმისა, რომ - რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს პირს ძალოვან სტრუქტურებში, მან პასუხი უნდა აგოს ასეთი ქმედებისთვის.

„კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მოკვლევა. ჩვენ ვითხოვთ, გაჩნდეს განცდა ქვეყანაში, რომ ასეთი საქციელი ისჯება და ვინც არ უნდა იყოს, ძალოვანი იერარქიის სტრუქტურებში რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს პირს, მან პასუხი უნდა აგოს ასეთი ქმედებისთვის. დარწმუნებული ვარ, გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე მივა. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ეყოს პოლიტიკური ნება, რათა გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და აგონ პასუხი“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე