„საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება საპროცესო გარიგება“

საქართველო, თბილისი - 10:53 | 26.07.2016
ნანახია: 1125

ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება საპროცესო გარიგება იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ,- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა პირადი ცხოვრების ამსხაველი ვიდეოების საქმეზე ზოგიერთ ბრალდებულთან საპორცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმების თაობაზე.

„მოთმინებით ველოდები  პროკურატურაში გამოძიების დასრულებას, ერთი მხრივ მუქარებზე, რომელსაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვისმენდით სხვადასხვა ფორმით  - ხან ვიდეო გრაფიკის, ხან კი სხვა ფორმით და მეორე  მხრივ გავრცელებულ ვიდეო მასალაზე.  წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ვიდრე არ არის ბოლო წერტილი დასმული, ვიდრე ყველა არ არის დაკავებული, ქვეყანაში უზრუნველყოფილი არ არის ვიდეოფირების ტერორიზმის დასრულება,  რაიმე ტიპის საპროცესო გარიგებები ამ ადამიანებთან წარმოუდგენლად მეჩვენება, თუკი ისეთი ღირებული ინფორმაცია არ მიაწოდეს პროკურატურას, რაც ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს. საკითხისადმი დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება საპროცესო გარიგება, თუ ხდება ასეთი, ადამიანებთან, რომლებიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების საქმეზე სამ ბრალდებულთან სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. პროკურატურის წარმომადგენლის ინფორმაციით  საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ ინგა ჩატოიანს, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს და გელა ღურწკაიას. ისინი დანაშაულს აღიარებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე