შუახევში უჩამბის ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 17:49 | 12.07.2016
ნანახია: 1167

დღეს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ზონებში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს ეცნობიან. ქედის მუნიციპალიტეტის შემდეგ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე, გარემოს დაცვის სამმართველოს და საგზაო დეპარატმენტის ხელმძღვანელები აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან და შუახევის გამგებელთან ერთად სოფელ უჩამბაში იმყოფებოდნენ, სადაც მდინარის ადიდების შედეგად წყალმა 320 ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ალტერნატიული გზის გაწმენდა სტიქიის შემდეგ დროულად მოხერხდა, დღეს კი უკვე ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტი ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურები. აღნიშნულ ადგილებში ინტენსიურად მიმდინარეობს დაზიანებული წყლის მილების აღდგენა-გაყვანა. სამუშაოების დასრულებისთანავე სოფლებს აღუდგებათ სასმელი წყლის მიწოდება, ასევე შუახევის დაბაში აღდგება 24 საათი წყლის მიწოდების გრაფიკი.

შუახევის მუნიციპალიტეტში ხელმეორედ გააქტიურებული მეწყრული შემთხვევებით მიყენებული ზარალი სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა. ამ დროისათვის ივნისი-ივლისის სტიქიური მოვლენების შედეგად ზარალი დაახლოებით 108 ათას ლარს შეადგენს. სულ აჭარაში ივნისი-ივლისის სტიქიების შედეგად ზარალი დაახლოებით 2 772 000 ათას ლარს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე